ახალი ამბები

იმედია, საქართველოს ხელისუფლება გაკვეთილს გამოიტანს წარსულიდან — რუსეთის საგარეო უწყება

21 იანვარი, 2022 • 1731
იმედია, საქართველოს ხელისუფლება გაკვეთილს გამოიტანს წარსულიდან — რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან გაკვეთილს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო “დაბალანსებულ პოლიტიკას” გაატარებს.

ამის შესახებ ნათქვამია 2021 წლის რუსული დიპლომატიის შემაჯამებელ კითხვა-პასუხში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის კითხვის პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს:

„რუსეთის აკრძალვა ნამდვილად დროებით ხასიათს ატარებს. ჩვენ არაერთხელ განვსაზღვრეთ აკრძალვის გაუქმების პირობები და ქართული მხარე მათ კარგად იცნობს. საქმე ეხება საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციას, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის აღმოფხვრას. ასევე, არ შეიძლება უგულებელვყოთ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. რუსეთი იძულებული გახდა მიეღო ზემოაღნიშნული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის საპასუხოდ. ამავდროულად, ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ზოგადად ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიზნების ერთგული — ეს ყველაფერი ორივე ერის ინტერესებშია. თუმცა ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაკვეთილს გამოიტანს წარსულიდან და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს“, — აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 20 ივნისის აქციების შემდეგ შეაჩერა. 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის სპიკერის სავარძელში, საქართველოში დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული „რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და „უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 21 აპრილს განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის პრობლემას მოსკოვი მალე მოაგვარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი