ახალი ამბები

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება

20 იანვარი, 2022 • 1183
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება

27 იანვრიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კერძოდ, 27 იანვრიდან ღამის კლუბებსა და დიდ ღონისძიებებზე შესასვლელად კოვიდპასპორტი სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა ორგანიზატორებს შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში სტუმრებს კოვიდპასპორტები მოსთხოვონ.

ამასთან, სავალდებულო აღარ იქნება ნიღბების ტარება, მათ შორის არც სკოლებში მოსწავლეებისთვის. თუმცა მთავრობის რეკომენდაციად რჩება, რომ ხალხმრავალ ადგილებში, დახურულ სივრცეებსა და უცნობებთან შეხვედრისას მოქალქეებმა პირბადე ატარონ.

გარდა ამისა, იხსნება მთავრობის რეკომენდაცია სახლიდან მუშაობასთან დაკავშირებით და დამსაქმებლებს ურჩევენ, რომ ოფისებიდან მუშაობის განახლება განიხილონ.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, მთავრობამ დაასრულა „გეგმა B-ით“ მოქმედება, რაც კორონავირუსის გამო შეზღუვდების დაწესებას მოიცავდა, და „გეგმა A-ს“ უბრუნდება. მისი თქმით, მეცნიერებს სჯერათ, რომ ომიკრონის ტალღამ პიკს უკვე მიაღწია.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, მომდევნო დღეებში შეზღუდვების შემსუბუქება მოგზაურობის წესებსა და თავშესაფრებში ვიზიტებსაც შეეხოს.

დიდ ბრიტანეთშის სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 71.4%. ამასთან, ბორის ჯონსონის თქმით, ბუსტერ დოზით აიცრა 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 90%.

დიდ ბრიტანეთში ომიკრონის გავრცელების შემდეგ, დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში, კორონავირუსით ინფიცირების დღიური შემთხვევები 200 ათასს აჭარბებდა, თუმცა გასული კვირიდან ინფიცირების დღიურმა შემთხვევებმა დაიკლო და დაახლოებით 140 ათასამდე შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი