მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციისთვის, რომლის ჭერიც რამდენიმე წლის წინ ჩამოინგრა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 7 057 389 ლარია გათვალისწინებული.
დაინტერესებული პირებისგან წინადადებების მიღება 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება. კომპანია ვალდებული იქნება, რეაბილიტაცია დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში.
რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოებს, რეაბილიტაცია შეეხება მეტროსადგურის საზოგადოებრივი სივრცეების ინტერიერის რეკონსტრუქციას. აღნიშნული საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ზედა ვესტიბიულს, დახრილ გვირაბს, ქვედა ვესტიბიულსა და სივრცეს ამოსასვლელი კიბეებით.
„ინტერიერის დიზაინ-კონცეფცია წარმოადგენს 1960-იანი წლებისთვის დამახასიათებელი იდეების თანამედროვე გადამუშავებას, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ინდივიდუალიზებული სივრცე მრავალფეროვანი გეომეტრიული წყობისა და მოულოდნელი არაკლასიკური ფერთა შეხამების გამოყენებით“, – წერია განმარტებით ბარათში.
მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 2018 წელს ჩამოინგრა, დაშავდა 15 ადამიანი. აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემშენმა” შეასრულა.
მერიამ რამდენჯერმე დააპირა ამ სადგურის რეაბილიტაცია, თუმცა, უშედეგოდ. ამასთან დაკავშირებით 2019 წელს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა:
„ამდენი ხნის განმავლობაში რამდენიმე ჩამონგრეული მეტროს სადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო – ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთს მოგვაწვდიან, რომლის გაკეთებაც, უბრალოდ, სირცხვილია, ხან კიდევ ტენდერი ვარდება.
ჩემი თხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოთ პირდაპირი წესით შესყიდვები. ამას საზოგადოება უყურებს, ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, რაც სირცხვილია. ვიმოქმედოთ სწრაფად და ხარისხზე ორიენტირებული ვიყოთ“.
“ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია” – კალაძე