ახალი ამბები

დენისოვა სააკაშვილის კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას ითხოვს

19 იანვარი, 2022 • 1480
დენისოვა სააკაშვილის კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას ითხოვს

უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

დენისოვა ეხმაურება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნას და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ციხის პირობებში ვერ იკურნება.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება. ექიმთა კონსილიუმის თანახმად, მკურნალობის მეთოდოლოგიაში არ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასაც ისინი მოითხოვდნენ. სააკაშვილი ძირითადად მხოლოდ სამედიცინო თერაპიას იღებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის გარეშე. ვთხოვ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ საქართველოს თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უფლებებს“, — აცხადებს დენისოვა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად სჭირდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რაც ამ დრომდე არ უტარდება ციხის პირობებში. შესაბამისად, ამ დრომდე არ არის შესრულებული კონსილიუმის წინა რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით.

ექიმების ცნობით, აღნიშნული რეაბილიტაციის კურსის ციხეში გავლა ნაკლებად რეალისტურია, თუმცა „შეუძლებელი არ უნდა იყოს”.

არ სრულდება ომბუდსმენის რეკომენდაციები სააკაშვილის მკურნალობაზე — კონსილიუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი