ახალი ამბები

არ სრულდება ომბუდსმენის რეკომენდაციები სააკაშვილის მკურნალობაზე — კონსილიუმი

19 იანვარი, 2022 • 1188
არ სრულდება ომბუდსმენის რეკომენდაციები სააკაშვილის მკურნალობაზე — კონსილიუმი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად სჭირდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რაც ამ დრომდე არ უტარდება ციხის პირობებში. შესაბამისად, ამ დრომდე არ არის შესრულებული კონსილიუმის წინა რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით.

ექიმების ცნობით, აღნიშნული რეაბილიტაციის კურსის ციხეში გავლა ნაკლებად რეალისტურია, თუმცა “შეუძლებელი არ უნდა იყოს”.

კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ექიმი თენგო წულაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება საქართველოშიც შესაძლებელია. ამის შესახებ მან დღეს, 19 იანვარს, კონსილიუმის დასკვნის გაცნობისას გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა, წულაძემ უპასუხა:

“ჩვენთვის ეს საკითხი არ არის დასმული, მკურნალობა, რომელიც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, შეიძლება ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს”, – განაცხადა წულაძემ.

რაც შეეხება ჩატარებული მკურნალობის შეფასებას, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის ხუთმა ექიმმა სამჯერ მოინახულა. თენგო წულაძის განმარტებით, სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებოდ, მისი ნევროლოგიური სიმპტომები კი 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ არ გაუმჯობესებულა და “დაახლოებით ერთი და იგივე დონეზე დგას”.

წულაძის განცხადებით, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მათი ბოლო ვიზიტის დროს, რომელიც 11 იანვარს შედგა, სააკაშვილს შიმშილობის შემდგომ სხვადასხვა სიმპტომები აღენიშნებოდა:

“გამოხატულია ჰოლონეიროპათიის სიმპტომები, მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე. ასევე რჩება ანემიაც, თუმცა ეს მანამდეც იყო. პოსტტრავმული ნერვული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ბოლო ვიზიტზე არ შეფასებულა, მაგრამ 12 დეკემბრის დიაგნოზით ვიხელმძღვანელეთ და პაციენტი დაახლოებით იგივე მდგომარეობითაა ახლაც”, – განმარტა ექიმმა.

კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მედიკამენტური მკურნალობის გარდა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებაც. ამის შესახებ ომბუდსმენი გასული წლის ნოემბერშიც საუბრობდა, თუმცა ეს რეკომენდაცია ამ დრომდე არ შესრულებულა.

“ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მის ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც. დამატებითი კვლევის თვალსაზრისით მიგვაჩნია, რომ უნდა ჩაუტარდეს მაგნიტორეზონანსული ტომოგრამა. ეს ადრეც იყო გაჟღერებული. მართალია, იგეგმება, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა.

ნევროლოგიური თვალსაზრისით საჭიროა ნევროლოგის მონიტორინგი და იმ შემთხვევაში, თუ დაავადების პროგრესირება მოხდება, შესაბამისი კვლევების ჩატარება სიმპტომატიკის მიხედვით”, – განმარტა წულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი