ახალი ამბები

ქაცარავას თანახმად, რუსი სამხედროები კირბალში გამოჩნდნენ — რას ამბობს სუსი

19 იანვარი, 2022 • 2049
ქაცარავას თანახმად, რუსი სამხედროები კირბალში გამოჩნდნენ — რას ამბობს სუსი

„ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი სამხედროები სოფელ კირბალში გამოჩნდნენ. თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ადგილზე უკანონო ბორდერიზაციის ახალ ფაქტებს.

“ნახევარ სასაფლაოს ართმევენ კირბალელებს. ჩვენ მალე ვიქნებით იქ. საოკუპაციო რეჟიმი ახალი გეგმის მიხედვით მოქმედებს. ჩვენი ხელისუფლება როგორ მოქმედებს?” — წერს ის “ფეისბუკზე” და აქვეყნებს ვიდეოსაც, რომელშიც მინიმუმ 3 პირის გადაადგილება ჩანს.

კირბალში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია “მთავარმა არხმაც” გაავრცელა. ტელეარხის ცნობით, რუსი სამხედროების “სამიზნე სალოცავი და სასაფლაოა, სადაც სპეციალური ნიშნულები უკვე გააკეთეს”.

“თანდათან მოდიან და მოდიან. სასაფლაოები, ნახევარზე მეტი სულ იქით მოყვა”, — უთხრა ტელეკომპანიას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში ცნობებს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ადგილზე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი არ გამოვლენილა.

მთავარი ფოტო: სქრინები დავით ქაცარავად ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი