ახალი ამბები

სახელმწიფომ უგულებელყო დევნილთა სიცოცხლის დაცვის ვალდებულება – არასამთავრობოები

18 იანვარი, 2022 • 1619
სახელმწიფომ უგულებელყო დევნილთა სიცოცხლის დაცვის ვალდებულება – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან სანატორიუმ „ქართლში“ დევნილის დაღუპვას და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, იქ მცხოვრები მოქალაქეები დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ღირსეული საცხოვრებელი სივრცეებით.

„მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობისა და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია“, — ნათქვამია განცხადებაში.

„უკვე რამდენიმე წელია სანატორიუმ “ქართლის” შენობაში მცხოვრები დევნილები აპროტესტებენ აქ არსებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებს. შენობაში ამ დროისთვის 140-150 ოჯახი სახლობს. ისინი აქ აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წლის წინ ჩასახლდნენ. დევნილების თქმით, შენობა არ არის უსაფრთხო, ავარიულია და ნელ-ნელა იშლება. ადგილობრივების თქმით, შენობა უკვე ორად არის გაყოფილი და არამყარია მისი საძირკველიც, სადაც წყლის დაგროვების ნიშნები ჩანს. 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია. თუმცა 6 წლის შემდეგაც დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო.

დევნილების თქმით, ისინი პერიოდულად აქციებს მართავდნენ, თუმცა, უშედეგოდ. ბოლო აქცია მათ 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2022 წლის 10 იანვარს განაახლეს, როცა დერეფნებში კედლის ნაწილი ისევ ჩამოიშალა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების და წუხილის გამო, დღესაც შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები, მთელ დღეს კორპუსის გვერდით მდებარე დარბაზში ატარებს. მათი ნაწილი ღამითაც კი ამ სივრცეში რჩება, რომელიც მხოლოდ ერთი შეშის ღუმელით თბება“, — აცხადებენ არასამთავრობოები.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკების პარალელურად, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პირობები დევნილთათვის მისაღები არ აღმოჩნდა. თავის მხრივ, ხელისუფლება დევნილებს ორ ალტერნატიულ გზას სთავაზობდა: 1. საკუთარი რესურსით ბინის მოძიება თბილისში, რომლის შესყიდვასაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა. 2. ქირის თანხის მიღება და ქირით ცხოვრება მანამ, სანამ სახელმწიფო მათთვის შესყიდული ბინების მშენებლობას დაასრულებდა.

„აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტიდან თითქმის 30 წელი გავიდა, თუმცა იძულებით გადაადგილებული პირების ნახევარიც კი სახელმწიფომ არ უზრუნველყო საცხოვრებლით. 2020 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 288 146 დევნილი პირი და 91 023 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. 2020 წლისთვის სახელმწიფოს 42 370 ოჯახი ჰყავს განსახლებული, ხოლო 40 131 ოჯახს დადგენილი წესით შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით და განსახლების მოლოდინშია.

ამასთან, დევნილების დიდი უმრავლესობა დღესაც არაადამიანურ პირობებში, საერთო საცხოვრებლებში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს“

ორგანიზაციები ამბობენ, რომ მართალია, დევნილები მოსახლეობის 7%-ს შეადგენენ, მათი ინტერესები, წუხილები და საჭიროებები პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. ამასთანავე, დევნილთა ინტერესების წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დაბალია. ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გამოჩნდა აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლის, დავით ფაცაციას დანიშნვისა და სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებთან კომუნიკაციის პროცესში.

„სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ დევნილები დანახულნი არიან არა როგორც პოლიტიკური აგენტობის მქონე მოქალაქეები, არამედ ბენეფიციარები, რომელთა პოლიტიკის მართვისთვის მცირე ტექნოკრატიული სამუშაოებიც საკმარისია.

ცხადია, რომ დევნილების მიმართ ამგვარი პოლიტიკა გავლენას ახდენს კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც ვერ აჩვენებს კონფლიქტის მსხვერპლების მიმართ ჯეროვან მოპყრობას და მაღალ ინტერესს და გამოტოვებს იმ განსაკუთრებულ პოტენციალს, რომელიც დევნილებს ნდობის მშენებლობის და შერიგების პროცესში შეიძლება ჰქონდეთ“, – წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს:

  1. დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სანატორიუმში მცხოვრებ დევნილთა გადაყვანა უსაფრთხო და ადეკვატურ საცხოვრისში;
  2. მოახდინოს ამ შენობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესების უპირობო პრიორიტეტიზაცია და უმოკლეს ვადებში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უზრუნველყოს ისინი ღირსეული საცხოვრისით;
  3. პროაქტიურად, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდეს უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგარ სხვადასხვა ობიექტებში მცხოვრები დევნილების მდგომარეობისა და საჭიროებების კვლევა და მათი დროული განსახლება ჯეროვანი ალტერნატივების შექმნის გზით;
  4. იმსჯელოს დევნილთა საჭიროებების, ინტერესების და წუხილების რეპრეზენტაციის უკეთეს ინსტიტუციურ გზებზე და მექანიზმებზე.

განცხადებას ხელს აწერენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ;ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ღია საზოგადოების ფონდი; უფლებები საქართველო; ქალთა ფონდი “სოხუმი” ; საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

ვრცლად ეს განცხადება წაიკითხეთ აქ.


16 იანვარს თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ 52 წლის კაცმა ზურაბ ჭიჭოშვილმა თავი მოიკლა. მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, რომ მან ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად გადადგა – რადგან „ქართლი“ ცხოვრებისთვის შეუსაბამოა.

ვრცლად წაიკითხეთ:

“ქართლში” მცხოვრები დევნილები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი