ახალი ამბები

რუსეთი უკრაინაში საელჩოს თანამშრომლებისგან ცლის – NYT

18 იანვარი, 2022 •
რუსეთი უკრაინაში საელჩოს თანამშრომლებისგან ცლის – NYT

ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმზის“ (NYT-ის) ცნობით, რუსეთი უკრაინაში საელჩოს თანამშრომლებისგან ცლის.

მედიასაშუალებების თანახმად, რამდენიმე დღეა, რუსეთის ფედერაცია თანამშრომლების „ნელ ევაკუაციას“ ახორციელებს.

წყაროდ NYT ასახელებს უკრაინის უშიშროების სამსახურში მომსახურე ჩინოსანს.

წყაროს თანახმად, 5 იანვარს საელჩოს 18 თანამშრომელი (ოჯახის წევრების ჩათვლით) ავტობუსით გადაიყვანეს მოსკოვში, მომდევნო დღეებში კი კიევსა და ლვოვში მყოფმა, საელჩოსთან დაკავშირებულმა კიდევ 30-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.

ამასთან, წყაროს თანახმად, დიპლომატებს კიდევ ორ საკონსულოში განუცხადეს, რომ უნდა მოემზადონ უკრაინის დასატოვებლად.

გამოცემის თანახმად, უკრაინელი და ამერიკელი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ საელჩოს ევაკუაცია შესაძლოა, პროპაგანდის მიზნით ხდებოდეს, ან იყოს სამზადისი რუსეთის სავარაუდო შეჭრისათვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას უარყო შეერთებული შტატების ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსკოვი საფუძველს ამზადებს უკრაინაში შეჭრისთვის.

მოსკოვი, მიუხედავად იმისა, რომ 100 000 ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან, უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხედრო რეაგირება ექნებათ, თუკი დასავლეთი არ დაეთანხმება გარკვეული მოთხოვნების ჩამონათვალს, მათ შორის უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვას.

რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილავს.

თუმცა ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უარს აცხადებენ ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნების შესრულებაზე. გასულ კვირას რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები და მასთან დაკავშირებული ნატოსა და რუსეთის შეხვედრა ბრიუსელში შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამის შემდეგ კიევმა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ იარაღი, რათა თავდაცვა მოახერხონ.

რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის მომარაგება დაიწყო თავდაცვითი, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი