ახალი ამბები

ომიკრონით ინფიცირებულების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა – გაბუნია

18 იანვარი, 2022 • 1450
ომიკრონით ინფიცირებულების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა – გაბუნია

დღეს, 18 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

„აქედან უმეტესი შემთხვევა არის თბილისში“, – ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, ომიკრონის დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 ადამიანს დასჭირდა, რადგან ინფიცირებული პირებიდან ყველა ვაქცინირებულია.

„ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და სწორედ ამის გამო არ დასჭირდათ ამ პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. დაავადების მსუბუქად მიმდინარეობისთვის აუცილებელია ბუსტერ დოზის მიღებაც“, – აღნიშნა მან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის ახალი ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება წახალისდეს ვაქცინაცია.

„ამ კვირაში კიდევ გვექნება კონსულტაციები. როგორც იცით, იანვრის ბოლომდე წახალისების გეგმა მოქმედებს და გვექნება მსჯელობა, როგორ უნდა მოხდეს ვაქცინაციის წახალისება, როგორც პირველი და მეორე დოზების ადმინისტრირების მხრივ, ასევე, ბუსტერ დოზებში, განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის ადამიანებში“, – ამბობს თამარ გაბუნია.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი