ახალი ამბები

ინვესტიცია კულტურული მემკვიდრეობის სანაცვლოდ

20 თებერვალი, 2010 • 1518
ინვესტიცია კულტურული მემკვიდრეობის სანაცვლოდ

აჭარის მთავრობამ, პირდაპირი მიყიდვის წესით, ბათუმში, ასათიანისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საერთო ფართობით 650 კვადრატული მეტრი, 200 ათას დოლარად გაყიდა. გაყიდვიდან რამდენიმე თვეში საქართველოს კულტურის სამინისტრომ მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობას ძეგლის სტატუსი მოუხსნა. გასულ კვირას ინვესტორმა ძეგლი დაანგრია.

ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ “ნუროლი სამშენებლო და სავაჭრო ფირმასთან” 2008 წლის 24 ოქტომბერს (¹481 ბრძანება) გააფორმა, წერია: “მყიდველი, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ყიდულობს აჭარის ავტონომიის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში ლ. ასათიანის/რუსთაველის ქ. ¹1/25-ში მდებარე 447,85 კვადრატულ მეტრ არასაცხოვრებელ ფართობს და მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთს… ქონების ნასყიდობის ფასია 200 ათასი აშშ დოლარი”.
ამ ყიდვა-გაყიდვიდან “ბათუმელები” გამოყოფს სამ დეტალს, რაც ჟურნალისტური გამოძიების პროცესში აღმოაჩინა.

პირველი დეტალი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელშეკრულებაში წერია, რომ ინვესტორს _ აჭარის ხელისუფლებამ მიყიდა 447,85 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. თუმცა ეს რეალური ციფრი არ არის, რაც ერთი დოკუმენტიდან ჩანს. დახელოვნების ინსტიტუტის გვერდით მცხოვრები აკაკი ზოიძის ოჯახში ინახება 1990 წლის 17 ოქტომბერს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრშია გატარებული. ამ ხელშეკრულებაში წერია, რომ ასათიანისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში (¹1/25) სულ 810 კვადრატული მეტრი მიწის ფართობია რეგისტრირებული. აქედან 160 კვადრატს ფლობს რიგითი მოქალაქე, აკაკი ზოიძე, დანარჩენ _ 650-ს კი _ სახელმწიფო.

რადგანაც ორი შეუსაბამო დოკუმენტი არსებობს, მეტი სიზუსტისთვის “ბათუმელებმა”, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, იმ ფართობის გაზომვა გადაწყვიტა, რომელიც ინვესტორმა შემოღობა და გასულ კვირას იქ განთავსებული შენობების ნგრევაც დაიწყო. ფართობის (საძირკვლის) გაზომვის შედეგად აღმოჩნდა, რომ გაყიდული ტერიტორია არის არა 447,85 კვადრატული მეტრი, როგორც ეს ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, არამედ _ 650. ანუ რეალურად ვინ არის დარჩენილი 203 კვადრატული მეტრი მიწის მფლობელი, დოკუმენტაციის მიხედვით, არ დგინდება. ფაქტობრივად კი, ინვესტორს მთლიანი ტერიტორია აქვს შემოღობილი.

მეორე დეტალი

ეს ქონება ლევან ვარშალომიძემ პირდაპირი მიყიდვის წესით მიყიდა ინვესტორს (ლევან ვარშალომიძეს 2005 წლიდან უფლება აქვს, ისე როგორც პრეზიდენტს, სახელმწიფო ქონება ისე გაყიდოს, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ). თუმცა ხელშეკრულებაში პირდაპირი წესით მიყიდვაზე არაფერი წერია.

შესაბამისად, ლევან ვარშალომიძეს არ აქვს ვალდებულება, აუხსნას საზოგადოებას, რატომ მიყიდა ინვესტორს რუსთაველის ქუჩაზე, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 447 დოლარად (იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორს 650 კვადრატული მეტრი გადაეცა, მაშინ ფასი 307 დოლარამდე მცირდება). მაშინ როცა ამ უბანში სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი, ერთ კვადრატულ მეტრზე, 315 ლარია, კომერციული ფასი კი _ 1500 დოლარი.

მესამე დეტალი

ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია: “მყიდველი ვალდებულია, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი თვის ვადაში, დადგენილი წესით უზრუნველყოს კულტურის უძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან”. ანუ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დახელოვნების ინსტიტუტის შენობა ძეგლის სტატუსის მატარებელი იყო. თუმცა 2009 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შენობას გაუუქმა. სტატუსის მოხსნის ინიციატორი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მათე ტაკიძეა.

როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, მათ სწორედ მათე ტაკიძემ მიმართა ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის თხოვნით. კითხვაზე, რა იყო ძეგლის სტატუსის მოხსნის საფუძველი, მათე ტაკიძე აცხადებს: “ჩემი მიმართვის საფუძველი იყო მოკლე და კონკრეტული, რომ განეხილა შესაბამის სამსახურს ძეგლის სტატუსის საკითხი. კომისიამ, რომელიც ამ საკითხს განიხილავს, გადაწყვიტა, რომ ამ ძეგლს მოეხსნას სტატუსი, იმიტომ რომ ძეგლი არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს. მივმართე იმიტომ, რომ ძეგლი იყო არასათანადო მდგომარეობაში”.

კანონით, ძეგლის სტატუსის მოხსნა მხოლოდ შესაბამისი საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზეა დასაშვები: ანუ, ძეგლი ისე უნდა განადგურდეს ან დაზიანდეს, რომ დაკარგოს ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტელექტის” ხელმძღვანელი, ლევან გობაძე კი ამბობს, რომ ეს შენობა არ იყო დაზიანებული, პირიქით, კარგ მდგომარეობაში იყო. მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობაში “ინტელექტის” ოფისი, აჭარის განათლების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წლების განმავლობაში იყო განთავსებული. “ინტელექტის” ხელმძღვანელს ეს შენობა იმდენად ხარისხიანად მიაჩნდა, რომ მისი შესყიდვაც კი სურდა.

ლევან გობაძე: “ეკონომიკის სამინისტროში იმის გასარკვევად მივედი, თუ რა ფასად ყიდდნენ შენობას. 2006 წელს სავარაუდო ფასი სამასი ათასი დოლარი მითხრეს. მოგვიანებით კი მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირად საუბარში დააზუსტა, რომ ეს ქონება მილიონ ნახევარ დოლარად არის შეფასებული”.
მას შემდეგ, რაც შენობა გასხვისდა და იქედან არასამთავრობო ორგანიზაციაც გადავიდა, შენობას ახალმა მესაკუთრემ ჩამოხსნა ფანჯრები. ასეთ მდგომარეობაში ძეგლი რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩა… მოგვიანებით კი შენობას ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, რადგან “არასათანადო მდგომარეობაში” იყო.

სხვა დანარჩენი

პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტი ფლობდა ოთხსართულიან შენობას, რომელსაც პედაგოგების საერთო საცხოვრებლად იყენებდა. 1990-იან წლებში იქ აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი შეასახლეს. დახელოვნების ინსტიტუტის გაყიდვის შემდეგ დევნილები სხვა შენობებში გადაიყვანეს. ამაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იზრუნა. ფონდში აცხადებენ, რომ დახელოვნების ინსტიტუტში მცხოვრები დევნილებისთვის (და კიდევ 23 ოჯახისთვის) ყოფილი მექანიკური ქარხნის დამხმარე შენობა გაარემონტეს. ამაში სახელმწიფომ 867 ათას ლარამდე დახარჯა. კიდევ ერთი შენობის რემონტში, სადაც დევნილების მეორე ჯგუფი გადაიყვანეს (ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობა), 403 ათას ლარამდე დაიხარჯა. ანუ სულ დევნილების დასაბინავებლად სახელმწიფომ 1 270 000 ლარი დახარჯა. ანუ სახელმწიფომ შენობა გაყიდა ორასი ათას დოლარად, იქ მცხოვრები დევნილების დასაბინავებლად კი 1 270 000 ლარი დახარჯა.  

ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, ასათიანისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში (¹1/25-ში) შენობის დემონტაჟის ნებართვა გაცემული იყო. თუმცა მერიაში არ ფლობენ ინფორმაციას, კონკრეტულად რა უნდა აშენდეს რუსთაველის გამზირზე. ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია საზოგადოებამ პირველი წყაროსგან მიიღო _ მათე ტაკიძემ 25-ე არხის ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველზე ძეგლის ნაცვლად ლამაზი შენობა აშენდება.

მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტისა და ოთხსართულიანი კორპუსის ნგრევა უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მიმდინარეობს. იქვე მცხოვრები ცხრა ოჯახი კონსტიტუციით გარანტირებულ სიცოცხლის დაცვის უფლებას ხელისუფლებას სთხოვს. ამ შინაარსის წერილობითი განცხადებით აკაკი ზოიძემ მერიას, პოლიციას და პროკურატურას უკვე მიმართა.

გასულ კვირას რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ცხრა ოჯახი იძულებული გახდა პატრული გამოეძახებინა. ამ ოჯახების ქონებას საფრთხე იმიტომ დაემუქრა, რომ ის დახელოვნების ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლიდან რამდენიმე სანტიმეტრით არის დაშორებული. კორპუსის ნგრევა როცა დაიწყო, ნანგრევები პირდაპირ მათ სახლზე ცვიოდა. საპატრულო პოლიციამ მიიჩნია, რომ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში იყო და ნგრევა შეაჩერა.

აკაკი ზოიძე ბათუმში ახალაშენებულ სასტუმრო “შერატონში” ცოტა ხნის წინ დაიბარეს. ის თურქი ინვესტორის წარმომადგენელს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრა. ინვესტორმა მას, კომპენსაციის სახით, მხოლოდ მიწის ღირებულების თანხა შესთავაზა _ ზოიძეს ორსართულიანი სახლის საფასურის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს.

ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ მყიდველმა, ანუ “ნუროლი სამშენებლო და სავაჭრო ფირმამ” “არასაცხოვრებელი ფართი გამოიყენოს სასტუმრო კომპლექს “შერატონის” ადამინისტრაციული ოფისისათვის”. სასტუმრო “შერატონს” ბათუმის ბულვარში 2006 წლის 28 ივლისს, 450 000 დოლარად მიყიდეს 61 2393 კვადრატული მეტრი ფართობი, მასზე მიმაგრებული 8940 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით. მაშინ ინვესტორს 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის დაბანდება და 200 ადამიანის დასაქმება დაავალდებულეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი