ახალი ამბები

ქუთაისში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ცემის ფაქტს შსს იძიებს

17 იანვარი, 2022 • 1800
ქუთაისში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ცემის ფაქტს შსს იძიებს

ქუთაისში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ცემის ფაქტს შსს ძალადობის (126-ე) მუხლით იძიებს. აღნიშნულის შესახებ უწყებამ “ნეტგაზეთს” განუცხადა. საქმე ეხება 13 იანვარს მომხდარ ინციდენტს, რომელიც, დაზარალებულის თქმით, თეთრი ხიდის მიმდებარედ მოხდა.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, დეტალები “ნეტგაზეთს” უამბო.

მისი თქმით, კაცი, რომელმაც სცემა, თავდაპირველად ქუთაისის ერთ-ერთ ბარში ნახა. დაზარალებული იქ შეყვარებულთან ერთად ატარებდა საღამოს.

“მუსიკა იყო, რომელიც მოგვწონდა, ვცეკვავდით… ბევრი არ დაგვილევია, არ ვიყავით ნასვამები. იქ იყო ერთი კაცი, საკმაოდ მთვრალი და აგრესიული… მოგვიანებით, უფრო დათვრა და მეტად აგრესიული გახდა არა მხოლოდ ჩემ მიმართ, არამედ სხვების მიმართაც”, — დასძენს ის.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის თქმით, კაცი მასთან კომუნიკაციაში შესვლას არაერთგზის შეეცადა. როგორც ჰყვება, ტუჩზე მცირე ზომის პირსინგი აქვს, რაზეც, მოსაწევ სივრცეში ყოფნისას, კაცმა არაერთხელ მიანიშნა.

“არაერთგზის მკითხა ქართულად, რა არის ესო და თავის ტუჩზე მიანიშნებდა. მე ვუთხარი, რომ მომწონს [ჩემი პირსინგი], [თუმცა] მივხვდი, რომ მას რაღაც არ მოსწონდა”, — აღნიშნავს მოქალაქე.

მისივე სიტყვებით, კაცი “ბევრ ცუდ რამეს ამბობდა ქართულად”, თუმცა იმის გამო, რომ ქართულში მწირი ცოდნა აქვს, არ იცის, ზუსტად რას ლაპარაკობდა ხსენებული პირი.

მოქალაქე ჰყვება, რომ გარკვეული ხნის შემდეგ კაცი წავიდა, მოგვიანებით კი ბარი თავად და თავისმა შეყვარებულმაც დატოვეს. მისი გადმოცემით, თეთრი ხიდი გადაკვეთეს და სწორედ იქ შეხვდნენ მეორედ ზემოხსენებულ კაცს. ის ადგილზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ამბობს, კაცი კვლავ შეეცადა მასთან კომუნიკაციაში შესვლას, მცირე ხნის შემდეგ კი თავს დაესხა.

“მკლავზე ხელი მომიჭირა და ცემა დამიწყო. ძლიერად მირტყამდა, მიწაზე დავეცი”, — აცხადებს ის.

დაზარალებულის თქმით, ბრიტანეთში უსინათლოდაა რეგისტრირებული, ვინაიდან პიგმენტური რეტინიტი აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღამით თითქმის ვერ ხედავს. ამის გამო ვერ შეძლო, რაიმე ფორმით წინააღმდეგობა გაეწია თავდამსხმელისთვის:

“ქართულად და ინგლისურად ვთხოვდი, გაჩერებულიყო, თუმცა აგრძელებდა თავდასხმას. რამდენჯერმე დამარტყა ძალიან მძიმედ”.

უშედეგო მცდელობების შემდეგ, დაზარალებულის შეყვარებულმა, აგრესიული კაცის მეგობართან ერთად, შეძლო, შეეჩერებინა ის.

კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ მისი პირსინგი გახდა თავდასხმის მიზეზი, დაზარალებული ასე პასუხობს:

“პირადად მე, არ ვიცი. დიდხანს ვფიქრობდით ამაზე. ვფიქრობ, უბრალოდ ძალიან აგრესიული ადამიანი იყო, ნასვამი და უნდოდა ჩხუბი. სხვა ადამიანების მიმართაც იყო აგრესიული ბარში. შეიძლება, უბრალოდ მე ამომარჩია. არ ვიცი”.

მისი თქმით, მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში შეყვარებულთან ერთად მივიდა და ჩვენება მისცა. როგორც ჰყვება, ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, სათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული და მომხდარის ამსახველი კადრები პოლიციამ მასაც აჩვენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი