ახალი ამბები

ომბუდსმენი მთავრობას “ქართლიდან” დევნილების დროულად განსახლებისკენ მოუწოდებს

17 იანვარი, 2022 • 1725
ომბუდსმენი მთავრობას “ქართლიდან” დევნილების დროულად განსახლებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი მოუწოდებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი შენობიდან დევნილები შემჭიდროებულ ვადებში განასახლოს.

ომბუდსმენის აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება ხორციელდება გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე, თუმცა გამონაკლისია საექსპერტო დასკვნით დადასტურებულ ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რა დროსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება პრიორიტეტულად, ქულათა სისტემის გათვალისწინების გარეშე არის შესაძლებელი.

„აღნიშნული დანაწესის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე მსგავს პირობებში ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 90-მდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შენობების მდგრადობას საკუთარი ინიციატივით არ ამოწმებს, რის გამოც მათი რიცხვი შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გასულ წლებში შეისწავლა ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა და დაადგინა, რომ დევნილთა სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე (შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე). შედეგად, სახალხო დამცველმა 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა სააგენტოს და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა. ომბუდსმენის ცნობით, არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს მიღებული აქვთ ადმინისტრაციული დაპირება გრძელვადიანი საცხოვრებლით პირველივე შესაძლებლობისთანავე დაკმაყოფილების თაობაზე. ბოლო პერიოდში შენობის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა, რამაც მდგომარეობა გააუარესა და იძულებით გადაადგილებულ პირებს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების მიზნით საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა. ამ გარემოებას უკავშირებენ ისინი დევნილის თვითმკვლელობის ფაქტსაც“, — აცხადებს სახალხო დამცველი და მწუხარებას გამოთქვამს „ქართლში“ მცხოვრები დევნილი მამაკაცის სიკვდილის გამო.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დევნილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის რამდენიმე შესაძლებლობა შესთავაზეს:

  • დროებით ქირით უზრუნველყოფა (ადგილობრივ გამგეობასთან ერთად);
  • დევნილის მიერ მოძიებული საცხოვრებლის შესყიდვა (1 მ2 საცხოვრებელი ფართის ღირებულება დედაქალაქში შეადგენს 550 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება);
  • სახელმწიფოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის პროცესისათვის დაცდა.

„დევნილები შეთავაზებებს არ ეთანხმებიან, მათ შორის, უნდობლობას უცხადებენ გრძელვადიან განსახლებამდე ქირით უზრუნველყოფის ალტერნატივას. კერძოდ, შიშობენ, რომ ქირით უზრუნველყოფა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეწყდება. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ინდივიდუალურად მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია შეთავაზებებისა და მათი შესრულების კონკრეტული ვადების შესახებ. ასევე, მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ე.წ. ნგრევადი ობიექტიდან დევნილი პირების შემჭიდროებულ ვადებში განსახლების მიზნით და დევნილთა მხრიდან პროცესის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, დევნილის მიერ გრძელვადიან განსახლებამდე ქირის ალტერნატივის არჩევის შემთხვევაში, გასცეს ადმინისტრაციული დაპირება საცხოვრებლის გადაცემამდე/შეძენამდე ოჯახების ქირით უწყვეტად უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი დევნილთა სააგენტოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დევნილთა განსახლების პროცესში მაქსიმალურად მიანიჭოს პრიორიტეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებას, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნეს აცილებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი