ახალი ამბები

სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა ლორთქიფანიძემ მთხოვა — ელგუჯა ცომაია

13 იანვარი, 2022 • 2114
სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა ლორთქიფანიძემ მთხოვა — ელგუჯა ცომაია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის საქმეში ბრალდებული, ელგუჯა ცომაია აცხადებს, რომ სააკაშვილის საქართველოში გადმოყვანა მას შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ შესთავაზა. ამის შესახებ მან დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით გამოკითხვისას განაცხადა.

ცომაიას თქმით, ლორთქიფანიძეს მანამდე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცნობდა, 2021 წლის დასაწყისში კი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში გადაყვანა პირველად შესთავაზა. ამ შეთავაზებაზე ცომაია დათანხმდა, თუმცა სანაცვლოდ პირად საქმეში გარკვეულ დახმარებაც სთხოვა.

აღნიშნული საუბრის შემდეგ, ცომაიას თქმით, ლორთქიფანიძე მას კვლავ დაუკავშირდა 2021 წლის 15-16 სექტემბრისთვის და უთხრა, რომ უკრაინაში ჩასულიყო, რაზეც ცომაია დათანხმდა:

“[საწყობში] მოვიდა გია ლორთქიფანიძე, იცოდა ახლა ჩემი საქმიანობა, მანქანები რომ მყავდა, რომ დავდიოდი და მკითხა, შევძლებდი თუ არა მე კაცის გადაყვანას საქართველოში. ჯერ საუბარი არ იყო არც არავისზე. მე ვუთხარი, რაში მჭირდება მე საერთოდ, რა ჩემი საქმეა- მეთქი.

ვუთხარი, თუ ეს გავაკეთე, მაშინ ერთ რაღაცაში უნდა დამეხმარო-მეთქი. იმიტომ, რომ ვისაც მივმართე საქართველოში, ვერც ერთ უწყებაში, ყველგან ვიყავით მე და მეუღლე, მაგრამ საბოლოოდ აზრი ვერ გამოვიტანე ვერავისგან.

მერე ვუთხარი გიას, ასეთი პრობლემები მაქვს, მე თუ რამეში დაგეხმარები, თქვენც რამეში უნდა დამეხმაროთ. ვეცდებიო. არ უთქვამს, რამეს გავაკეთებ ან არ გავაკეთებ, ვეცდებიო და მერე მითხრა, შეძლებ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასო. ყველა თვლით, რომ დამნაშავე ვარ, მეც ვთვლი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ჩემთვის იმ მომენტში, როცა ეს მითხრა და გადავწყვიტე, მე არ ჩავთვალე ჩემი თავი დამნაშავედ.

ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი. მე ისევ წამოვედი საქართველოში და მერე ისევ წავედი უკრაინაში, მერე დავბრუნდი საქართველოში და მეუღლეც გარდამეცვალა. განერვიულებული ვარ, 40 დღეა გასული და მეორმოცე თუ 45-ე დღეს მირეკავს, მე ვარ აბაშაში, ჩემთან სახლში. ეს იყო 15-16 სექტემბერი. დამირეკა [გია ლორთქიფანიძემ], უნდა წამოხვიდეო. ავიღე ბილეთი. მე ოთხი მანქანა მყავს, ზაფხულში ჩვენ არ ვმუშაობთ, ყველაზე გამართული მანქანა იყო [რაღაც], დავჯექი ამ ჩემს ცარიელ მანქანაზე და წავედი უკრაინაში”, — ამბობს ცომაია.

მისი თქმით, უკრაინაში ჩასვლისას კიდევ ჰქონდა რამდენჯერმე კომუნიკაცია ლორთქიფანიძესთან. კერძოდ კი, ლორთქიფანიძეს ატყობინებდა საკუთარი ლოკაციის შესახებ.

საბოლოოდ, სააკაშვილს უკრაინაში, პორტთან ახლოს შეხვდა, რომელიც, ცომაიას განცხადებით, სავარაუდოდ, გია ლორთქიფანიძის მძღოლმა მიიყვანა ადგილზე.

გია ლორთქიფანიძე ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო, 2015-2016 წლებში კი უკრაინაში ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა გასულ წელს დაიწყო, რის შესახებაც განცხადება 10 დეკემბერს გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, არალეგალური გზით შემოვიდა და ის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ელგუჯა ცომაიასთან ერთად დააკავებულია და პატიმრობაში იმყოფება კიდევ სამი პირი: მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი