ახალი ამბები

სააკაშვილმა სასამართლოზე “კომუნისტის” სტატია წაიკითხა და საკუთარ თავთან გაავლო პარალელი

13 იანვარი, 2022 • 2038
სააკაშვილმა სასამართლოზე “კომუნისტის” სტატია წაიკითხა და საკუთარ თავთან გაავლო პარალელი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 13 იანვრარს, სასამართლო პროცესზე, საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით საუბარი დაიწყო გაზეთ “კომუნისტის” სტატიის წაკითხვით. სტატიაში საუბარი იყო 1924 წლის აჯანყებისას საქართველოში ვალიკო ჯუღელის და ნოე ხომერიკის საქართველოში შემოსვლის შესახებ. სააკაშვილის თქმით, მაშინდელი გაზეთი “კომუნისტი” მათ მოიხსენიებდა საქართველოს მტრებად და ამჟამინდელი ხელისუფლების მსგავსი ტერმინოლოგიით საუბრობდა.

“[1924 წლის] ამ აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად გადმოვიდნენ ვალიკო ჯუღელი, ნოე ხომერიკი – პირველი რესპუბლიკის მთავრობის მინისტრი, და ბენია ჩხიკვიშვილი – თბილისის პირველი მერი. გაზეთი “კომუნისტი” ამ დროს წერს: “საქართველოში აღიკვეთა ხელისუფლების მტრების ქურდული შემოპარვა ჩვენს მიწა-წყალზე. არაფერი ჩვენ არ გამოგვეპარება”, – იუწყებოდა გაზეთი კომუნისტი. მარტო ბიძინაობის მილოცვა აკლია ამ ტექსტს.

შემდეგ წერია: “ვალიკო ჯუღელის სახელი ყველას მოეხსენება, საქართველოში მენშევიკებს ბევრი ცოდვა და დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაგრამ ყველაზე უფრო საზიზღარი და საშინელი იყო დაუსრულებელი სისხლისღვრა, რომელსაც არ ჰქონდა სასრული დამოუკიდებელი საქართველოს მიწა-წყალზე”.

ხომ არ გეცნოთ ტექსტი? სისხლიან 9 წელს ხომ არ გაგონებთ შემთხვევით?

არაფერი იცვლება. მაშინ იყო გაზეთი კომუნისტი, ახლა არის TV იმედი, პოსტ TV და კიდევ უამრავი სხვა ორგანო, რომელიც ზუსტად იმავეს ახმოვანებს. ზუსტად ასევეა სიძულვილის ენა, მტრის ენა, დაყოფის ენა… და ვალიკო ჯუღელი და დანარჩენებიც მაშინ დახვრიტეს. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა გადალახა საქართველოს საზღვარი და მოახერხა საქართველოდან გაღწევა და ჩვენ გადმოვალახვინეთ უკან საზღვარი ჩემი პრეზიდენტობის დროს და დავკრძალეთ საქართველოში დიდი პატივით.

ეს არის ისტორიის სამსჯავრო. ისტორიის სამსჯავროს არც ეს დარბაზი აქვს ჩემი აშენებული, არც ეს შუშები, რომლებიც არ მაძლევს საშუალებას, ანარეკლის გარეშე ვესაუბრო ქართველ ხალხს. ეს არც მანდატურებია, ეს არც მოსამართლეები და პროკურორებია, ეს არც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებია…

ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაწერენ და რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ დღევანდელი სასამართლოები, დღევანდელი მახარაძეები და ორჯონიკიძეები. ისტორიის სამსჯავრო ჩვენს მხარესაა და ჩვენ აუცილებლად გაგვამართლებს. და ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის? უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით, ხომ? თორემ რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მივანიჭე, ის აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვის”, – თქვა სააკაშვილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, წაყენებულ ბრალზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ საქართველოში ქვეყნის სიყვარულის გამო დაბრუნდა და საკუთარი სიცოცხლის გასაწირადაც კი იყო მზად, რომ საქართველოს მიწაზე “ერთი წამით გაევლო”.

მისი თქმით, ყოველ ღამე ესიზმრებოდა საქართველო, მათ შორის, დედამისის სახლი და ეზო, სტადიონი, სკოლა, მეგობრები, წინაპრები:

“იცი, რომ შენი ქვეყნისთვის თავი გადადე… თითზე გადასახვევი არ წამიღია აქედან, რისი გაკეთებაც შემეძლო, გავუკეთე ჩემს ქვეყანას და ეს ყველაფერი, რაც გავუკეთე, ჩვენ თვალწინ ინგრევა და მე ამ დროს კომფორტში უნდა ვიჯდე უკრაინაში, გამოვიდე აივანზე, მივიღო მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტს ვხვდებოდე, ცნობილ ბიზნესმენებს ვეურთიერთებოდე, ჩემს მეგობრებს ვხედავდე… პრინციპში, ნორმალური ცხოვრება მქონდეს და, ამავე დროს, მივიღო ვითარება, როდესაც ჩემი ქვეყანა თვალსა და ხელს შუა ინგრევა”, – თქვა სააკაშვილმა.


სააკაშვილი  2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 30 დეკემბრამდე იყო, შემდეგ კი პენიტენციურმა სამსახურმა ის კვლავ რუსთავის ციხეში გადაიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი