ახალი ამბები

სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

13 იანვარი, 2022 •
სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი “საზღვრის კვეთის” საქმეზე დღეს, 13 იანვარს გაიმართება. პროცესს თავად სააკაშვილიც დაესწრება.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს ბოლოს დაესწრო ერთი თვის წინ, 2021 წლის 2 დეკემბერს. ამის შემდეგ სხვადასხვა საქმეზე რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება სამი პირი: მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 30 დეკემბრამდე იყო, შემდეგ კი პენიტენციურმა სამსახურმა ის კვლავ რუსთავის ციხეში გადაიყვანა.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი