ახალი ამბები

ამინდის გაუარესების გამო, საქართველოს მასშტაბით გზებზე შეზღუდვებია

13 იანვარი, 2022 • 2021
ამინდის გაუარესების გამო, საქართველოს მასშტაბით გზებზე შეზღუდვებია

დღეიდან 17 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი; ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება; ძლიერი ქარი; მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა; ნისლი და ქარბუქი; ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი; საავტომობილო გზებზე ლიპყინული; ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ38 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი