ახალი ამბები

შეცდომა იყო, როდესაც ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორზე პარლამენტში არ ვიყავით – დეკანოიძე

11 იანვარი, 2022 •
შეცდომა იყო, როდესაც ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორზე პარლამენტში არ ვიყავით – დეკანოიძე

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე დიდ შეცდომად აფასებს იმას, რომ მისი პარტიის წევრი დეპუტატები ჩართული არ იყვნენ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ განხილვებში. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

დეკანოიძის აზრით, ენმ პარლამენტის საქმიანობაში სრულფასოვნად უნდა ჩაერთოს.

“მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, როდესაც ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორზე იმ დარბაზში[პარლამენტის] არ ვიყავით. ასევე, ვფიქრობ, რომ რატი ბრეგაძე როდესაც იყო, იქ ჩვენ არ ვიყავით. პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება მისი ეს ბოლოდროინდელი ე.წ. მოღვაწეობა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ბერკეტი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა”, — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.


პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილა. საპარლამენტო განხილვებში არ ყოფილა ჩართული „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წევრებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. ენმ-ის რამდენი წევრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განხილვას მხოლოდ კომიტეტზე, ერთჯერადად დაესწრო.

კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება. მან 30 დეკემბერს განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პარლამენტის მიღებულ კანონს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ვეტოს დაადებს.

პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი