ახალი ამბები

თუ დავინახეთ, რომ სახ. ინსპექტორის ჩანაცვლება კომისიით შეიძლება, პარლამენტში შევალთ – დეკანოიძე

3 იანვარი, 2022 • 2289
თუ დავინახეთ, რომ სახ. ინსპექტორის ჩანაცვლება კომისიით შეიძლება, პარლამენტში შევალთ – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, თუ პარტია დაინახავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ჩანაცვლება საგამოძიებო კომისიის შესაძლებელი იქნება, ისინი პარლამენტში შევლენ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება ლონდა თოლორაიას მალე და შესაბამისად, ხელისუფლებამ ეს ზუსტად გააკეთა იმისთვის, რომ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საქმე არ იყოს ბოლომდე გამოძიებული.

თუ ჩვენ დავინახავთ და პრინციპში დავინახეთ უკვე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში,“ – ამბობს ის.

ცალკე ინტერვიუში „მთავარ არხთან“ დეკანოიძე განმარტავს, რომ მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი – „ძალიან სუსტად არის და მის გადაადგილებასაც აქვს ხარვეზები,“.

ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია მასთან საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტები შეუშვან. ასევე აღნიშნავს, რომ კომუნიკაცია სააკაშვილთან შეიზღუდა. ამ ორივე ბარიერზე მანამდე სააკაშვილის ადვოკატები საუბრობდნენ.

„ჩვენ გვექნება ფართო კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ფრაქციებთან პარლამენტში.

და მე დიდი იმედი მაქვს და ისიც [სააკაშვილიც] იმედოვნებს, რომ მათი მონაწილეობა იქნება ძალიან აქტიური საგამოძიებო კომისიის ჩართულობაში. ვინაიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უბრალოდ აღარ არსებობს და ქართულმა ოცნებამ გააუქმა სწორედ იმ გამოძიების გამო, რომელიც უკავშირდება მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას,“ – ამბობს ის ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

დამატებით კითხვაზე, თუ არსებობს თანხმობა კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ის პასუხობს, რომ უკვე ესაუბრა „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ლელოს“.

„მათ შორის, ვაპირებ სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და დეპუტატებსაც ვესაუბრო. რაც შეეხება ჩვენ ფრაქციას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვექნება ეს ბერკეტი, რომ გამოვიძიოთ.. განსაკუთრებით სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შემდეგ არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფრაქციის მონაწილეობა,“ – ამატებს დეკანოიძე.


დღეს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ სააკაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ვრცლად:

ადვოკატი: სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი