ახალი ამბები

ადვოკატი: სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს

3 იანვარი, 2022 • 2273
ადვოკატი: სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნები 6 იანვრამდე არ დაკმაყოფილდა, ის გეგმავს პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

ადვოკატი არ აზუსტებს, რა იგულისხმება პროტესტის უკიდურეს ფორმაში.

თუთბერიძე დღეს, 3 იანვარს  თავად შეხვდა სააკაშვილს. მისი თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„იმისთვის, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია გვქონდეს ჩვენ და მოგაწოდოთ თქვენც,  დაუყონებლივ ვითხოვთ იმ ექსპერტების ჩართვას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საქმეში, მონახულებას მისას, დაშვების მიცემას ექიმებისთვის – მათ შორის, ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფისთვის, რომელსაც სრულიად უკანონოდ არ ეძლევათ საშუალება მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი. ნებართვა აღებული, ლიცენზირებული საქმიანობის ფარგლებში.

ვითხოვთ, ასევე დაშვებას იმ ექიმებისა, მათ შორის, აშშ-დან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, რომლებიც მზად არიან პრეზიდენტს გაუწიონ სამედიცინო დახმარება და მოვუწოდებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა,“ – ამბობს ის.

მეორე პრობლემა, რომელზეც ადვოკატი საუბრობს,  სასაუბროდ კონფიდენციალური სივრცის არარსებობაა. თუთბერიძე აცხადებს, რომ „ყველანაირი სივრცე არის ამოქოლილი ე.წ. ბარიერით“ და არც იმის საშუალებაა, რომ წერილობითი, ორმხრივი კომუნიკაცია დამყარდეს.

„ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ვიღებთ ორ შედეგს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა.

და მეორე, თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის, პოლიტიკური ტყვის უფლებების შელახვა – ამ შემთხვევაში ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას. რა ფორმა იქნება ეს, ამ ეტაპზე ვერ დავაზუსტებ,“ – აცხადებს ადვოკატი.


მიხეილ სააკაშვილი 30 დეკემბერს გამთენიისას გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში.

სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხეში მანამდეც სცადეს, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგობის შემდეგ პროცესი დროებით გადაიდო, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ მომენტისთვის გართულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი