ახალი ამბები

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია – ადვოკატი

3 იანვარი, 2022 • 2148
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მშვენიერაძე ყოფილ პრეზიდენტს დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეხვდა,  შემდეგ კი თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

„მიხეილ სააკაშვილი არის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი, ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია და საკუთარი თვალით აქვს ნანახი. თუმცა, ეს მდგომარეობა არ დასრულებულა, მას სჭირდება დღეს სათანადო სამედიცინო დახმარება, რის მიღებასაც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ვერ ახერხებს.

მივიჩნევთ, რომ ეს არის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გაგრძელება. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება, მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის, იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები,“ – ამბობს მშვენიერაძე.


დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამოუკიდებლად შეუძლია შექმნას საგამოძიებო კომისია, თუ ის ბოიკოტის რეჟიმში არ იქნება.

ნახეთ ასევე:

ადვოკატი: სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი