ახალი ამბებისაზოგადოება

აშშ-ში უსიმპტომო კოვიდ ინფიცირებულებისთვის იზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდა

3 იანვარი, 2022 • 2464
აშშ-ში უსიმპტომო კოვიდ ინფიცირებულებისთვის იზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდა

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტებისთვის იზოლაციის ვადა შემცირდა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა [CDC] კორონავირუსის მართვის ე.წ. გაიდლაინში სიახლეები ორშაბათს დაამტკიცა.  დოკუმენტის თანახმად, ამიერიდან, პაციენტებს, რომლებსაც გამოვლენილი სიმპტომები არ აქვთ ათის ნაცვლად  ხუთ დღიანი იზოლაციის ვალდებულება ექნებათ, ოღონდ იმ პირობით, რომ  კიდევ სულ მცირე 5 დღეს სხვა ადამიანების გარემოცვაში ნიღაბს გაიკეთებენ.

ოფიციალური უწყების ამ გადაწყვეტილებას  მოქალაქეების მხრიდან უკვე მოჰყვა კითხვები. ბრიფინგზე CDC-ს ხელმძღვანელს, ანტონი ფაუჩის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი მეცნიერულია თუ „ეფუძნება საზოგადოებისა და ბიზნესის წნეხს“.

„ეჭვგარეშეა, თქვენ გენდომებოდათ ადამიანების სამუშაო ადგილზე დაბრუნდება, თუ მათ არ აქვთ სიმპტომები,“ – აცხადებს ფაუჩი და ამატებს, ინფიცირებიდან 10-დღიანი ინტერვალის მეორე ნახევარში გადადების რისკი მნიშვნელოვნად იკლებს.

„ეს ცვლილება ეფუძნება მეცნიერულ კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ SARS-CoV-2-ის გადადების შემთხვევების უმრავლესობა ხდება დაავადების ადრეულ სტადიაზე – სიმპტომების გამოვლენიდან პირველ-მეორე დღეს და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში.

შესაბამისად, ადამიანები ტესტის დადებითი პასუხიდან 5 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და თუ ამ პერიოდისთვის ისინი უსიმპტომოები იქნებიან, მათ შეეძლებათ იზოლაციის დატოვება, თუ ისინი გააგრძელებენ ნიღბის ტარებას დამატებითი 5 დღის განმავლობაში სხვების დაინფიცირების რისკების შესამცირებლად,“ – განმარტავს ფაუჩი.

მისივე თქმით, 5-დღიან კარანტინზე უახლოეს პერიოდში „დამატებითი განმარტებები“ გავრცელდება, მათ შორის, ასეთ შემთხვევებში ასიმპტომური მოქალაქეების ტესტირებაზეც.

ცვლილებები ასევე ეხება ინფიცირებულთან კონტაქტსაც კერძოდ: კონტაქტის შემდეგ ვაქცინირებული ადამიანისთვის იზოლაციის ვადად 5 დღე დადგინდა, ხოლო თუ ადამიანი 2-ჯერადად ვაქცინირებულია და ე.წ. ბუსტერ დოზითაცაა აცრილი – მას შესაძლოა, საერთოდ აღარ დასჭირდეს იზოლაცია.

განახლება: ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის [NСDC] ხელმძღვნაელმა ამირან გამყრელიძემ გვითხრა, რომ იზოლაციის ვადების ცვლილებაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

წერილობით პასუხში, მან გვითხრა, რომ NCDC-ს თავისი რეკომენდაციები აქვს, თუმცა, საბჭოს სხდომამდე მათ ვერ გაასაჯაროებს.

მთავარი ფოტო: ენტონი ფაუჩი ბრიფინგზე

მასალების გადაბეჭდვის წესი