„მაფიოზურმა დაჯგუფება „ოცნებამ“ დამოუკიდებლობის უკანასკნელი შუქი ჩააქრო მართლმსაჯულების სისტემაში“, – ასე გამოეხმარა გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.
მეზვრიშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ „მოქალაქეები შიშველი ხელებით დატოვა მოხელეთა/სამართალდამცავთა ძალადობასთან“ და „მწვანე შუქი აუნთო ადამიანებზე ძალადობას, წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას“.
„მთავარი ის კი არ არის ერთის ნაცვლად 2 იქნება, 3 თუ 4 უწყება. მთავარი ის არის, რომ აღარ იარსებებს მოქალაქეებზე ძალადობის პრევენციის უკანასკნელი დამოუკიდებელი უწყება“, – წერს იგი ფეისბუკზე და აცხადებს, რომ ამ ქმედების შედეგებს „აუცილებლად ვიგრძნობთ 2022 წლიდან“.
„2022 წლიდან მთელი სიმწვავით შევიგრძნობთ რამხელა ნაბიჯი გადადგა ოცნებამ ავტორიტარიზმისკენ ჩვეულ სტილში – დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების და კანონის უზენაესობის სახელით. წინასაახალწლოდ დაინიცირებული კანონპროექტების ავტორი და ხმის მიმცემი დეპუტატები კი აუცილებლად შევლენ ისტორიაში დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის მტრების სახელით“, – წერს მეზვრიშვილი.
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო.
მესამე მოსმენით, დაჩქარებულად რიგგარეშე სესიაზე გაიმართა. კანონის მიღებას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი წინააღმდეგ მისცა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა და მიიღო.
„საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა არავის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მხოლოდ და მხოლოდ კანონით მოქმედებდა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ 30 დეკემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე.
თოლორაია აცხადებს, რომ იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პარლამენტის მიღებულ კანონს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ვეტოს დაადებს.