ახალი ამბები

თბილისის მეტროსთვის 49 მლნ ევროს ვაგონებს რუსული კომპანია დაამზადებს

30 დეკემბერი, 2021 • 4260
თბილისის მეტროსთვის 49 მლნ ევროს ვაგონებს რუსული კომპანია დაამზადებს

რუსულმა კომპანიამ: “მეტროვაგონმაში”, თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონების შესყიდვის ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც EBRD-ის მიერ იყო გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სააგენტო TASS-მა გაავრცელა, თბილისის მერიაში კი “ნეტგაზეთს” ინფორმაცია დაუდასტურეს.

TASS-ის ცნობით, რუსულმა კომპანიამ თბილისის მეტროპოლიტენს 44 ვაგონი უნდა გადასცეს, რომლის საერთო ღირებულებაც 49,19 მილიონი ევროა.

“EBRD-ის დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს “მეტროვაგონმაში”. ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება დაგეგმილია მომავალი (2022) წლიდან და უნდა დასრულდეს 36 თვის განმავლობაში”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ განცხადებაში.

ამასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, დოკუმენტს ხელი უახლოეს დღეებში უნდა მოეწეროს. მათივე ინფორმაციით, ტენდერის გამარჯვებული EBRD-მა შეარჩია.

ძალიან მალე თბილისს ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები ექნება — კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი