ნეტგაზეთი | ძალიან მალე თბილისს ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები ექნება — კალაძე ძალიან მალე თბილისს ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები ექნება — კალაძე – Netgazeti
RU | GE  

ძალიან მალე თბილისს ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები ექნება — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილსს მალე ექნება ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები. ამის შესახებ მან დღეს, 2 დეკემბერს, განაცხადა.

„დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, ასევე, ვაგონების შესყიდვა. ეს პროცესი მიდის და ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი, ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები. ასევე, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგან თვითონ ვესტიბიული, ბაქანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბევრი მეტროსადგური საჭიროებს რეაბილიტაციას”, — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთია მეტროსადგური „ვარკეთილი“, რომლის დიზაინის შერჩევაც ამ ხნის განმავლობაში “ვერანაირად ვერ მოხდა”.

“გვყავდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო მეტროსადგური „ვარკეთილი“, თუმცა ის იქნა დაწუნებული, რადგან არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს. შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო დიზაინერებს, დარგის სპეციალისტებს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთოს და დაგვეხმაროს ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურის დიზაინის პროექტი“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი