ახალი ამბები

ლილუაშვილი ხელისუფლების დამხობის საქმეზე სააკაშვილის დაკითხვას აანონსებს

29 დეკემბერი, 2021 • 3200
ლილუაშვილი ხელისუფლების დამხობის საქმეზე სააკაშვილის დაკითხვას აანონსებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმეზე ენმ-ის ლიდერების, მათ შორის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას აანონსებს.

„სახეზე გვაქვს ყველა ქმედება და ნაბიჯი, რაც საბოლოოდ უნდა დასრულებულიყო ხელისუფლების დამხობით შეთქმულების გზით. ეს იყო დაგეგმილი ღონისძიება აშკარად, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მე პოლიტიკურ შეფასებას არ ვუკეთებ პროცესს, სამართლებრივ შეფასებაზე ვსაუბრობ“, — განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ არიან მაშინ დაკავებული ენმ-ის ლიდერები, ლილუაშვილი პასუხობს, რომ „ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეებზე“.

„ობიექტური და სუბექტური გარემოებებიც  არსებობს, რის გამოც ჯერ ბოლომდე ვერ ხერხდება ამა თუ იმ პირის დაკითხვა, თუმცა მიმდინარეობს აქტიური ღონესძიებები, ექსპერტიზები. დაკითხვა უნდა მოხდეს შესაბამის დროს, იმ პირობებში, სადაც დასაკითხიც და დამკითხველიც კომფორტულად იგრძნობენ თავს და ჯანმრთელად იქნებიან. რა თქმა უნდა, დაიკითხებიან [ლიდერები]. ერთ-ერთი მთავარი დასაკითხი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, გადის მკურნალობის კურსს. ჩემი ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემქურება და უახლოეს პერიოდში, ალბათ, მოგვიხერხდება უშუალოდ გამოიკითხონ ის პირები, ვინც მთავარ იდეოლოგებად მოიაზრებიან ამ საქმეში“, — განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილმა სუს-ის შენობაში ღამის კლუბის გახსნასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი განაწყენებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, რადგან ის “არცერთ დამნაშავეს და დესტრუქტორს არ მისცემს თავისი ქმედების განხორციელების საშუალებას”.

ამასთან, ლილუაშვილი ირწმუნება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია მიიღო მაშინვე, როგორც მან საზღვარი გადმოკვეთა.

“თუმცა ტარდებოდა ოპერატიული დაკავების ღონისძიებები და შეირჩა სწორედ ის ადგილი და ის დრო, სადაც ის იმყოფებოდა მარტოდ და ნაკლები იყო ფიზიკური დაპირისპირების შანსი. მთავარიაა, როდის გახდა ცნობილი თუ შედეგი? ის მარტო არასდროს იმყოფებოდა. შეიძლება თანმხლები პირები მის მანქანაში არ ფლობდნენ შეიარაღებას, მაგრამ შეიძლება, თანმხლებმა პირებმა დისტანციით ერთობლივი გადაადგილება აწარმოონ”, — დასძინა ლილუაშვილმა.


2020 წლის 1-ელ ოქტომბერს სუს-მა დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით.

სუს-მა მიუთითა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ მტკიცებულებების შეკრების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს და ნებისმიერ არაკონსტიტუციურ, უკანონო ქმედებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი