ახალი ამბები

ხელმძღვანელობის გარდა ინსპექტორის ყველა თანამშრომელი ახალ სამსახურებში, სავარაუდოდ, ავტომატურად დასაქმდება

29 დეკემბერი, 2021 • 2482
ხელმძღვანელობის გარდა ინსპექტორის ყველა თანამშრომელი ახალ სამსახურებში, სავარაუდოდ, ავტომატურად დასაქმდება

“ქართული ოცნება” მის მიერვე მომზადებულ კანონპროექტში, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, ახალ წინადადებებს ამატებს.

ახალი წინადადების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის დღეს მოქმედი სამსახურის საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამშრომლები სამსახურის ბაზაზე შესაქმნელ ორ ახალ უწყებაში ავტომატურად დასაქმდებიან.

ხოლო დანარჩენი დეპარტამენტის თანამშრომლებს “ოცნება” სთავაზობს ორ ახალ სამსახურში ნების შესაბამისად გადანაწილდნენ.

მმართველი გუნდის ახალი წინადადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გაახმიანა, სადაც კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. მისი თქმით, სულ საუბარია 120 თანამშრომელზე.

კობახიძის ახალ შეთავაზებას გამოეხმაურნენ ოპოზიციის დეპუტატები. მათი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კანონპროექტი დაჩქარებულად არ უნდა მიიღონ და მმართველ გუნდს მისი განხილვის გადადება სთხოვეს.

“ბატონი ირაკლის წინადადებები პრაქტიკულად ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ შინაარსობრივად გავაკეთოთ რეორგანიზაცია, მაგრამ ფორმულა გავაკეთოთ ლიკვიდაციის, იმიტომ, რომ ხელმძღვანელობა გავუშვათ სახლში. თორემ დანარჩენი ფორმით წავიდეს რეორგანიზაცია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა, ლელოდან.

გირჩი წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა კი მმართველ გუნდს შესთავაზა ლონდა თოლორაიასაც მისცენ ავტომატურად ორიდან ერთი სამსახურის ხელმძღვანელობის საშუალება და პრობლემა მოგვარდებოდა.

“ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს აუქმებს და მის ნაცვლად ორ ახალ სამსახურს აფუძნებს, რომელთაგან ერთი სამოხელეო დანაშაულზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო მეორე – პერსონალური მონაცემების დაცვაზე. ამ დროისთვის ეს ორივე ფუნქცია სახელმწიფო ინსპექტორის ერთ სამსახურშიაა გაერთიანებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი