ახალი ამბები

უნდა გაითიშოს უკანონო მაინერები, თუ საჭიროა დაყადაღდეს – ნარმანია მესტიაზე

29 დეკემბერი, 2021 • 2916
უნდა გაითიშოს უკანონო მაინერები, თუ საჭიროა დაყადაღდეს – ნარმანია მესტიაზე

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკ] თავჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ სვანეთში უკანონო მაინერები უნდა გაითიშოს და საჭიროების შემთხვევაში დაყადაღდეს კიდეც.

მისი თქმით, უკანონო მაინერები ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებს ამძიმებს, რის გამოც სვანეთში მოსახლეობას, ბიზნესსა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას პრობლემები ექმნება. ამის შესახებ ნარმანიამ დღეს, 29 დეკემბერს განაცხადა.

“90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხების შედეგად, მოსახლეობა არ იხდის ელექტროენერგიის ტარიფს. კომერციული სექტორი მხოლოდ მინიმალურ დონეზე იხდის, თუმცა აქაც ამოღების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს განაპირობებს იმას, რომ ქსელის დატვირთვის და გადატვირთვის პირობებში, რომელიც დიდწილად მაინინგებით არის დატვირთული, არის მაღალი მოხმარებს, 17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი 3 მუნიციპალიტეტის – ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს ელექტროენერგიის მოხმარებას.

ამდენად, უნდა მოხდეს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში, შესაბამისად რეალურად ობიექტებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ენერგია – ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, საბაგიროებს და ა.შ. უწყვეტად მიეწოდოთ და ყველამ უნდა გადაიხადოს ენერგიის ფული”, – განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, ამ ღონისძიებების გარეშე სახელმწიფო კომპანია “ენერგოპროს” ვერ მოსთხოვს, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად და უწყვეტად მიეწოდოს ელექტროენერგია სვანეთს. ამასთან, ნარმანიას განცხადებით, კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს, უკუგება კი არ აქვს, რაც მარეგულირებელ წესებთან წინააღმდეგობაშია.

“ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის გადასახადს, გვექნება ხშირი წყვეტები, იქნება ავარიები, რის შემდეგაც აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. ეს ყველაფერი კი ტურიზმზე და მოსახლეობის კომფორტზე აისახება”, – განმარტა ნარმანიამ.

ჟურანლისტის კითხვაზე, რა სქემა შეიძლება მოიფიქროს სახელმწიფომ იმისთვის, რომ სვანეთი სააბონენტო სისტემაში ჩაერთოს, ნარმანიამ უპასუხა:

“უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს უნდა დაყადაღდეს კიდეც. ასეთი რამდენიმე ღონისძიება გაკეთდა თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად და მგონია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს”.

მაინერი არის აპარატი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქე კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესში ჩართული. მაინერი ელექტროენერგის მოიხმარს.

“გამოვრთოთ მაინერები” – მესტიის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

მასალების გადაბეჭდვის წესი