სახალხო დამცველის წარმომადგენელი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ომბუდსმენის წარმოამდგენელმა საბა ბრაჭველმა განაცხადა:
„ჩვენი აქ შესვლის დაბრკოლება წარმოადგენ სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის დარღვევას.ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი არშეშვება აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ განმეორდა ან ხომ არ არის პაციენტის მდგომარეობა დამძიმებული, ან ხომ არ აქვს სხვა რაიმე ისეთ შეზღუდვას ადგილი რომლის შესახებაც საზოგადოება ინფორმირებული არ არის“ – ამბობს სახალხო დამცველის წარმომადგენელი
მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ პაციენტს რეანიმატოლოგი მეთვალყურეობს, თუმცა რეანიმატოლოგთან შეხვედრაზეც უარი უთხრეს:
„თავდაპირველად გვინდოდა შევხვედროდით მკურნალ ექიმს შევხვედროდით, რაზეც გვითხრეს რომ მკურნალ ექიმს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ვითხოვეთ მორიგე ექიმთან შეხვედრა, მაგრამ მასაც არ შეგვახვედრეს, შეგვახვედრეს მორიგე ნევროლოგს.
გვითხრეს, რომ ამჟამად პაციენტს მეთვალყურეობს რეანიმატოლოგი. ჩვენ რეანიმატოლოგთან შეხვედრაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ ამაზეც გვითხრეს უარი, არც დოკუმენტაცია არ გაგვაცნეს და არც პაციენტს არ შეგვახვედრეს. ყველაფერზე იყო აბსოლუტური უარი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციის უფროსის მხრიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს”, – თქვა ბრაჭველმა.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 27 დეკემბერს, საღამოს საათებში, მისთვის უცნობმა პირებმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა.
სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათთვის სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ მიუწოდებიათ.
28 დეკემბრის დილას პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განმარტება, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც განაცხადა, რომ სააკაშვილს გორში „გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“, ხოლო „მკურნალობის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ“.
„ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, როცა დასრულებულია მკურნალობა და იგი გაწერილია ჰოსპიტლიდან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.