ახალი ამბები

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებელს 20 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებიან

28 დეკემბერი, 2021 • 1933
გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებელს 20 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებიან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დასახულ მაჩვენებელს ჩამორჩება.

იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა ყოფილიყო აცრილი, თუმცა ამ დრომდე ეს მონაცემი 40%-მდეა. გამყრელიძის თქმით, ამჟამად ახალ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის ივლისისთვის ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა იყოს აცრილი:

„დაახლოებით 40%-ზე გავალთ ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციის. 60% გვქონდა მიზნად დასახული. გიდასტურებთ, რომ გეგმას წელს ვერ შევასრულებთ. ახლა იწერება ამ გეგმის განახლება, რომლითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის 70%-ზე ასვლა. დაყოფილია ამ 70%-ზე როგორ ავალთ, ამას მოგვიანებით გაგაცნობთ. ვთქვათ, ყველაზე მთავარია 60+ მოსახლეობაში, რომელიც ყველაზე მოწყვლადია გვქონდეს 90%-იანი მოცვა, შედეგ 50-60 წლამდე 80% და შემდგომ უფრო დაბალი.

მიზეზი ბევრია, რატომ ვერ წარიმართა იმ სისწრაფით იმუნიზაციის პროცესი. დავაკელით მოსახლეობასთან კომუნიკაცია მეტი, მეორე ალბათ ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები რაც გვაქვს და მესამე ის პოლარიზაცია რაც მიდის ქვეყანაში. ეს პოლარიზაცია მოქმედებს პანდემიის მართვასა და იმუნიზაციის პროცესზეც,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი