ახალი ამბები

ლაბორატორიულად ომიკრონის 63 შემთხვევაა დადასტურებული – გამყრელიძე

28 დეკემბერი, 2021 • 1805
ლაბორატორიულად ომიკრონის 63 შემთხვევაა დადასტურებული – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის 63 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული 63 შემთხვევიდან უმეტესობა უცხოეთიდანაა შემოტანილი. გამყრელიძის განცხადებით, ომიკრონით ინფიცირებული პაციენტებიდან არც ერთი არ არის მძიმე, თუმცა პროფილაქტიკური კვლევებისთვის სამი მათგანი სტაციონარშია მოთავსებული.

ასევე, მათი უმრავლესობა აცრილია, 6 მათგანს კი კორონავირუსის გადატანის ისტორია აქვს. ამასთან, მიმდინარე 63 შემთხვევიდან 5 არის მოზარდი ან ბავშვი.

რაც შეეხება ომიკრონის გავრცელების მაჩვენებელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ისინი PCR-ის ტესტით დადასტურებულ შემთხვევებში ანგარიშობენ ომიკრონის წილს. ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი 1.1%-ის ფარგლებშია.

“ყოველდღიურად ეს პროცენტი შეიცვლება, ომიკრონის რეპლიკაციის პერიოდი ძალიან მოკლეა და სწრაფად ვრცელდება. ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში შესაძლოა, ის ჩვენს ქვეყანაშიც დომინანტი გახდეს დელტასთან მიმართებაში”, – თქვა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი