ახალი ამბები

ახლაც სხვა ერთი კაცის ნებაზე ცვლით ამ ყველაფერს? – ნაცვლიშვილი “ოცნებას”

28 დეკემბერი, 2021 • 1778
ახლაც სხვა ერთი კაცის ნებაზე ცვლით ამ ყველაფერს? – ნაცვლიშვილი “ოცნებას”

“ახლაც რომელიღაც სხვა ერთი კაცის ნებაზე ცვლით ამ ყველაფერს?” – ჰკითხა “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა “ქართული ოცნების” წევრებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვისას.

ნაცვლიშვილი ამ კითხვით გამოეხმაურა “ოცნების” წევრების განცხადებებს, რომ თავის დროზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დღეს არსებული ფორმით მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესით შეიქმნა.  “ოცნების” წევრები არ აკონკრეტებენ იყო თუ არა ეს ლიდერი მაშინ გიორგი გახარია.

“ბატონო რატი, თუ მაშინ ერთი კაცის ჭკუაზე დადიოდით უმრავლესობა და მთელი გუნდი, რა გარანტია გვაქვს, რომ ახლაც რომელიღაც სხვა ერთი კაცის ნებაზე არ ცვლით ამ ყველაფერს? იქნებ გვითხრათ, ეს ერთი კაცი ვინ არის? ” – იკითხა ნაცვლიშვილმა.

პასუხად “ოცნების” წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას “სინდისის და ცნობიერის” მიხედვით იღებს.

“ვინ არის ეს 1 კაცი, ჩემთვის რიტორიკული შეკითხვაა. პირველ რიგში ეს არის ჩვენი სინდისი და ცნობიერება და სინდისი, რასაც ვეყრდნობით გადაწყვეტილების მიღებისას”,- უპასუხა იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს პარლამენტი.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „სწორად ჩამოყალიბებას“ თავის დროზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ემხრობოდა, თუმცა დღეს არსებული ფორმით სამსახურის შექმნა „ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი“ იყო.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში. მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამას არ გავშლი. მაშინაც გუნდის უმრავლესობა ემხრობოდა რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური. არ ვასახელებ არავითარ გვარს. ჩვენ არავითარი პრობლემა ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი