ახალი ამბები

აშშ-ში 5 დღემდე შემცირდა კოვიდინფიცირებულთა ნაწილისთვის იზოლაციის დრო

28 დეკემბერი, 2021 •
აშშ-ში 5 დღემდე შემცირდა კოვიდინფიცირებულთა ნაწილისთვის იზოლაციის დრო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) უსიმპტომო კოვიდინფიცირებულისათვის იზოლაციის დრო 10-დან 5 დღემდე შეამცირა.

შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თუმცა სიმპტომები არ გამოვლენიათ, 10-ის ნაცვლად 5 დღის გატარება მოუწევთ (თვით)იზოლაციაში. ამასთან, ისინი ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 5 დღის განმავლობაში სხვა ადამიანებთან ყოფნისას/კონტაქტისას პირბადე ეკეთოთ.

CDC-მ ასევე 10-დან 5 დღემდე შეამცირა კარანტინის პერიოდი იმ ინფიცირებული ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ. 5 დღის შემდეგ პირბადის ტარება მათთვისაც სავალდებულოა. ამასთან, ადამიანებს, რომელთაც მიღებული აქვთ ვაქცინის ბუსტერ დოზა, კონტაქტის შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ არ დასჭირდეთ იზოლაცია. ამის მიზეზი, CDC-ს განმარტებით, ისაა, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს, რომ ადამიანი დაინფიცირდეს და სხვას გადასდოს ვირუსი.

„ცვლილება ნაკარნახევია მეცნიერული მტკიცებულებებით, რომელიც გვიჩვენებს, რომ SARS-CoV-2-ის [კორონავირუსის] გადაცემა უმეტესწილად ხდება დაავადების ადრეულ ეტაპზე, ძირითადად, სიმპტომების გამოვლენამდე 1-2 დღეში და 2-3 დღის შემდეგ“, – აცხადებენ CDC-ში.

„ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც ტესტით დაუდასტურებათ კორონავირუსით ინფიცირება, უნდა იყვნენ იზოლირებულნი ხუთი დღის განმავლობაში, ხოლო თუ ამ დროის განმავლობაში სიმპტომები არ გამოუვლინდათ, შეუძლიათ, დატოვონ კარანტინი, თუმცა უნდა გააგრძელონ ნიღბების ტარება მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ სხვების ინფიცირების რისკი“, – აცხადებენ CDC-ში.

CDC-ის ახალი რეკომენდაციების თანახმად 5+5(დღე ნიღბით) დღის შემდეგ შესაძლოა კარანტინი იმ კოვიდინფიცირებულებისთვისაც დასრულდეს, რომელთა დაავადება სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა თუ ინფიციცრებულს სიცხე აქვს, ის კარანტინს ვერ დატოვებს, რადგან სახლში უნდა დარჩეს და დაელოდეს როდის დაურეგულირდება ტემპერატურა. გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ექიმი იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი