ახალი ამბები

„აიკრძალოს ფეიერვერკები“ – პარლამენტთან აქცია გაიმართა

27 დეკემბერი, 2021 • 3380
„აიკრძალოს ფეიერვერკები“ – პარლამენტთან აქცია გაიმართა

კვირას, 26 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც დემონსტრანტებმა ფეიერვერკების აკრძალვა მოითხოვეს.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ ფეიერვერკები „ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს, პატარა ბავშვების ფსიქოლოგიას, ორსულებსა და მოხუცებს“.

მათი თქმითვე, ფეიერვერკები უარყოფითად მოქმედებს ცხოველებსა და ფრინველებსაც, რომელთა ნაწილიც იხოცება ფეიერვერკისგან და მისი ხმაურისგან გამოწვეული შიშის გამო.

„ჩვენი, ადამიანების ვალია, ვიყოთ თითოეული ცხოველის ხმა და ვუთხრათ არა ყოველგვარ სისასტიკეს“, – წერს აქციის ერთ-ერთ მონაწილე, ნატალი წიკლაური ფეისბუკზე.

„დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ ის ნეგატიური შედეგები, რომლებიც პიროტექნიკის მოხმარებას ახლავს თან. ეს ეხება არა მხოლოდ ტრაგიკულ შემთხვევებსა და თვითდაშავებებს ახალი წლის ღამეს, არამედ ფეიერვერკების გავლენას ველურ ბუნებაზეც. ცნობილია, რომ მასშტაბური და ხმაურიანი შოუს გამო უამრავი ცხოველი ტოვებს საკუთარ საცხოვრებელს და გარბის. იხოცება ბევრი მათგანიც, ხოლო არცთუ იშვიათ შემთხვევებში ჩნდება ხანძარი, რომელიც მათ ბუნებრივ სამყოფელს ანადგურებს. შინაური ცხოველების მსგავსად სტრესულია ფეიერვერკების ხმა ფრინველებისა და გარეული ცხოველებისთვისაც, უშუალო შესწრებისას კი, შესაძლოა, მათი მხედველობის ან სმენადობის დაზიანება გამოიწვიოს“, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი