ახალი ამბები

დედოფლისწყაროში რამდენიმე პირმა მცემა – “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი

26 დეკემბერი, 2021 • 3868
დედოფლისწყაროში რამდენიმე პირმა მცემა – “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი

პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლება” წევრის, გოგიტა რობიტაშვილის თქმით, დედოფლისწყაროში, თავის სახლთან, რამდენიმე პირმა სცემა. რობიტაშვილი აღნიშნულს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, პარტია კი ინციდენტის გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.

გოგიტა რობიტაშვილის თანახმად, ინციდენტი 25 დეკემბრის საღამოს, მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისში ჩატარებული პარტიული ყრილობიდან დედოფლისწყაროში დაბრუნდა. მისი სიტყვებით, ავტოფარეხში მანქანა დააყენა და იქაურობას ტოვებდა, როცა ადგილზე უცხო პირები შენიშნა.

“…სანამ ავტოფარეხის კარებს დავკეტავდი, ჯერ ერთი პირი დავინახე, მერე უკან – მეორე.

მოდიოდნენ ჩემკენ, ვიფიქრე, დამელაპარაკებოდნენ, [თუმცა] უკნიდან რაღაც ბლაგვი საგანი მომხვდა და გამთიშეს. კისერსა და კეფაში [ჩამარტყეს], ახლაც მტკივა”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ამბობს, რომ ბლაგვი საგნის ჩარტყმის შემდეგ ხსენებული პირები გარკვეული ხნის მანძილზე სცემდნენ. როცა გონს მოვიდა, ისინი ადგილზე უკვე აღარ იყვნენ.

“ნახევარი წუთის მერე მოვედი გონზე, ავდექი და შემოვედი სახლში. სულ სისხლიანი ვიყავი, მეც და მანქანაც”, – დასძენს რობიტაშვილი.

მისი თქმით, თავდამსხმელებს მხოლოდ “თვალები უჩანდათ, ეკეთათ შავი პირბადეები და ეხურათ ამავე ფერის ქუდები.

რობიტაშვილის განცხადებით, სახის ძვალი ჩამტვრეული აქვს, გრძნობს ტკივილს ნეკნებსა და თავში:

“ექიმებმა ნახეს, გადამიყვანეს წნორში, გადამიღეს ექოსკოპია და თქვეს, რომ ვერ ვხედავთ ვერაფერს, ლაგოდეხში უნდა გადაგიყვანოთო. მე უარი განვაცხადე და მოვდივარ თბილისში”.

გოგიტა რობიტაშვილი მომხდარს თავის  პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის, სახელისუფლებო პროექტების კრიტიკას უკავშირებს და დასძენს, რომ “პიროვნული მტრები” არ ჰყავს.

რობიტაშვილი გასულ წლებში სხვადასხვა პარტიაში, მათ შორის, ენმ-სა და “ევროპულ საქართველოში” საქმიანობდა. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ავტოფარეხი გაუტეხეს და მანქანა დაუზიანეს, რის შესახებაც პოლიციას აცნობა, თუმცა გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია.

“ნეტგაზეთი” 25 დეკემბრის ინციდენტზე დამატებით ინფორმაციას შსს-სგან ელის. პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” მოუწოდებს უწყებას, გამოიძიოს საქმე და დასაჯოს დამნაშავეები.

განახლება: შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი