ახალი ამბები

„დაპატიმრებად რომ დამიჯდეს BASSIANI-ს დალუქვისგან დაცვა, მზად ვარ“ — ნაჯა ორაშვილი

24 დეკემბერი, 2021 • 1957
„დაპატიმრებად რომ დამიჯდეს BASSIANI-ს დალუქვისგან დაცვა, მზად ვარ“ — ნაჯა ორაშვილი

კლუბ „ბასიანის“ თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ მისცემს სივრცის დახურვის შესაძლებლობას, თუნდაც ამას მისი დაპატიმრება მოჰყვეს.

მისი თქმით, საკლუბო სცენამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი მათ სივრცეებში მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი, თუმცა სახელმწიფომ ამ სფეროს განადგურების გზა აირჩია და მათ ფუნქციონირებაზე უარი უთხრა:

„დაახლოებით საათ-ნახევრის წინ შრომის ინსპექცია მოვიდა „ბასიანის“ დასალუქად. ამავდროულად, დახურეს თბილისში არსებული თითქმის ყველა სივრცე. ჩვენ ამას ველოდებოდით. ამაზე პასუხი არის, რომ როცა 22 დეკემბერს მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება და უარი გვითხრეს იმ მართლა უსაფრთხო პროტოკოლზე, რომელზეც 6 თვის განმავლობაში ვიმუშავეთ და პირადად მე 400 გვერდი მაქვს დაწერილი, თუ როგორი უნდა იყოს სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთვის, რომ შევამციროთ ვირუსის გავრცელების საფრთხე დახურულ სივრცეებში.

ამ პროტოკოლს საფუძვლად ედო ორი კვლევითი ღონისძიება ღია და დახურულ სივრცეებში, რომელმაც მოგვცა ძალიან კარგი შედეგი. შესაბამისად, ამ სწავლებაზე, კვლევაზე, გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებულ სტანდარტზე ვმუშაობდით. ამაზე გვქონდა თანხმობა და პირადად მე 1-2 კვირის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამაზე უარი იქნებოდა. სახელმწიფოს ჰქონდა ზრუნვის პოლიტიკა და მეორე, სადამსჯელო ღონისძიებები, ტერორი და ამ სივრცის განადგურება. და მათ აირჩიეს მეორე გზა. უკვე სამი წელია, სახელმწიფოს რა მიზნებიც აქვს ამ სივრცეებთან მიმართებით, კარგად არის ცნობილი“, – ამბობს „ბასიანის“ თანამფლობელი.

ნაჯა ორაშვილი იხსენებს, რომ კლუბები პანდემიის დაწყების შემდეგ არა სახელმწიფოს ჩარევით, არამედ პირადი ინიციატივით დაიხურა და ამ 22 თვის განმავლობაში ეძებდნენ გზებს და გამოსავლებს უსაფრთხო გახსნითვის:

„ეს სივრცეები დავხურეთ ჩვენი ხელით, სახელმწიფოს არ დაუხურავს. დავხურეთ, სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა იმიტომ, რომ კარგად გვესმის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხი, პრინციპები და ღირებულებები. უსაფრთხო სივრცის იდეა არის ამ სცენის მთავარი მონაპოვარი იმისთვის, რომ თითოეული მოსული სტუმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული. მთელი ამ 22 თვის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით გამოსავალს, იმ სწავლებას და ცოდნას, თუ რა უზრუნველყოფდა ამ სივრცეებში ადამიანების დაცულობას.

ამაზე ვიმუშავეთ დიდხანს და ამაზე მივიღეთ უარი. უარის პარალელურად, ჩვენ გვითხრეს რომ ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ფინანსური სანქციები, ჯარიმები და სივრცეების დალუქვა. მე ვარ იმედგაცრუებული, სასოწარკვეთილი, მაგრამ ბრძოლის შემართებით ახლა იმიტომ, რომ ვნახე, სახელმწიფომ რა არჩევანი გააკეთა“, – ამბობს ნაჯა ორაშვილი.

მისი თქმით, თავისუფლების აღკვეთადაც რომ დაუჯდეს, მზადაა კლუბი ფიზიკურად დაიცვას და შრომის ინსპექციას მისი დალუქვის საშუალებას არ მისცემს. კლუბის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციები იხდიდნენ საიჯარო და კომუნალურ გადასახედებს, უსაფრთხოდ გახსნისთვის კი დამატებითი ხარჯები ჰქონდათ გაწეული:

„პირადად მე თავისუფლების აღკვეთად რომ დამიჯდეს, ამ სივრცის ფიზიკურად დაცვა- დალუქვისგან მზად ვარ. შეუძლიათ ციხეში გამიშვან იმიტომ, რომ მართლა ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს სივრცეები გახსნილიყო იმ სტანდარტით, რომელიც ამ სფეროს შეშვენის. ჩვენ იმ ახალი სტანდარტის შესაბამისად უზარმაზარი დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევა მოგვიწია.

ჩვენ 22 თვის განმავლობაში ვიხდით საიჯარო გადასახადებს, ვიხდით გადასახადებს კომუნალურს და ყოველდღე მომავლის იმედით ვცდილობთ გავიღოთ კიდევ მეტი თანხა, რომ ეს სივრცეები შევინარჩუნოთ. სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა ნება და მათი მიზანი გასაგებია – ამ სივრცეების განადგურება, და ამის უფლებას არ მივცემთ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება გვაქვს ამაში ჩადებული“, – ამბობს ნაჯა ორაშვილი.

BASSIANI-ს, Mtkvarze-ს და სხვა კლუბებს ლუქავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი