SUTI POWER – ასე ეწოდება ცნობილი ქართველი მორაგბის, შალვა სუთიაშვილისა და მისი მეუღლის, ნინო ბარაბაძის კომპანიას, რომელმაც ტრადიციულ ქართულ ჩურჩხელას სხვა ფორმა შესძინა.
ქართული თხილი, კაკალი, ნუში და ყურძნის წვენი – ჩურჩხელას ყველა ინგრედიენტი ახალი, უფრო მოსახერხებელი ფორმით, უგემრიელესი ქართული ნუგბარია, რომლის შეძენა ახლა უკვე შესაძლებელია საქართველოში, „სოკარისა“ და „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში და სახმელეთო „დუტი ფრიში“.
მალე პროდუქტი „ვისოლის“ მარკეტების დახლებზეც გამოჩნდება.
ცოტა ხნის წინ SUTI POWER და საქართველოს რაგბის კავშირი პარტნიორები გახდნენ, რის შედეგადაც, „ბორჯღალოსნებისა“ და „შავი ლომის“ მორაგბეები ყოველი თამაშის წინ კომპანია SUTI POWER-ის დამზადებულ პროდუქტს დააგემოვნებენ.
მორაგბე შალვა სუთიაშვილი მეუღლესთან, ნინო ბარაბაძესთან ერთად ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. მას ფრანგულ კლუბ, „ანგულემთან“ აქვს კონტრაქტი გაფორმებული.
შალვა სუთიაშვილს, როგორც რაგბის ცნობილ მოთამაშეს, წლებია კარგად იცნობენ, მისი კომპანიის, SUTI POWER-ის ისტორია კი სამიოდე წლის წინ დაიწყო.
შალვა სუთიაშვილმა მეუღლესთან – ნინო ბარაბაძესთან ერთად, 2019 წელს, კომპანია „პროდლაინი“ დააარსა და ჩურჩხელას ძირძველი რეცეპტის მიხედვით განსხვავებული ფორმის ტკბილეულის წარმოება დაიწყო.
ამავე წელს მან სოფელ დიღომში ევროსტანდარტების საწარმოც ააშენა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველგვარი დანადგარების გარეშე ნატურალურ ტკბილეულს ამზადებს.
შალვას მეუღლის, ნინო ბარაბაძის თქმით, ნოსტალგია ქართული ტკბილეულისადმი ყოველთვის ჰქონდათ და მის მეუღლეს სამშობლოდან ყოველთვის მიჰქონდა ჩურჩხელა საფრანგეთში:
„შალვა ნაკრების მოთამაშე იყო წლების მანძილზე და საქართველოდან ყოველთვის ქართული ტკბილეულის ჩამოტანას ცდილობდა.
საქართველოში ერთ-ერთი მოგზაურობისას შემთხვევით აღმოაჩინა ასეთი ფორმის ჩურჩხელები, მერე საფრანგეთში ჩამოიტანა და ოჯახში დავაგემოვნეთ.
ეს ჩურჩხელა ძალიან მოგვეწონა და ვიფიქრეთ, რომ საფრანგეთშიც გვეცადა მისი გაყიდვა, რადგან ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის გაუგებარი იყო ძაფი საკვებში და მათთვის ტკბილეულის ასეთი ფორმით შეთავაზება კარგი იდეა იყო.
დავიწყეთ ჩურჩხელების მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომბლობა, მათგან ვყიდულობდით და აქ ვყიდდით ჩვენ მიერ შემუშავებული დიზაინითა და სახელით, რადგან იმ შეფუთვით, რომლითაც თავდაპირველად წარმოვადგინეთ, არანაირი შანსი არ ჰქონდა, თუმცა კომპანიამ, დროთა გამავლობაში, პროდუქტის ხარისხი დასწია, ფასი გაზარდა და ამიტომ, არსებულის ნიადაგზე, ახლის შექმნა დავიწყეთ ორივე მხარის თანხმობით.
მას შემდეგ პროდუქტმა ძალიან დიდი გზა გაიარა განვითარებამდე და ახლაც გადის – ფორმებიც დავხვეწეთ, გემოც, დავიწყეთ დიზაინერებთან ერთად მუშაობა და საბოლოოდ, შევქმენით კომფორტული შეფუთვა, რომ ჩანთით ტარებაც ყოფილიყო შესაძლებელი.
სულ რაღაც 5 თვეა საქართველოს ბაზარზე გამოვჩნდით, ისე კი 2 წელია, რაც კომპანია არსებობს და მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია პროდუქტით, მოსწონთ სიახლე, მოსწონთ თანამედროვე შეფუთვა“ – ამბობს ნინო ბარაბაძე.
პროდუქტის სახელწოდება დიდი სიფრთხილითა და კომპეტენტურ ადამიანებთან კონსულტაციის მეშვეობით შეარჩიეს. „სუთი“ შალვა სუთიაშვილის ზედმეტსახელია:
„შალვა 37 წლის არის და ბევრ, გაცილებით ახალგაზრდა ადამიანს თამამად გაუწევს კონკურენციას, რადგანაც მისი ჯანსაღი კვების რაციონის განუყოფელი ნაწილია Suti Power-ი.
აი, საიდან მოდის სუთის ძალა.
დისკუსია როცა იყო დიზაინერებთან, იმის შესახებ, თუ რა აძლევს შალვას ძალას, მივხვდით, რომ სუთის ძალა ამ პროდუქტიდან მოდის, ამიტომაც გადავწყვიტეთ Suti Power -ი გვეწოდებინა“ – ჰყვება ნინო ბარაბაძე.
მისი თქმით, პროდუქტმა რეალიზაციამდე სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევა გაიარა:
„ჩვენ დავიწყეთ ამ პროდუქტის წარმოება, ასე რომ, რეცეპტი და მისი შემადგენლობა სრულიად ჩვენს ხელშია და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ იყოს უმაღლესი დონის.
ძალიან ბევრი კვლევა გაიარა ამ პროდუქტმა, ბევრი ვიშრომეთ რეცეპტის შენარჩუნებაზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს პროდუქტში ის არის, რომ შაქრიანი დანამატები არ აქვს, სრულიად სუფთა, სრულიად ნატურალური პროდუქტია და ტრადიციული ჩურჩხელისგან ფორმით განსხვავდება.
მუდმივად ვაკონტროლებთ, რომ პროდუქტი იყოს ჯანსაღი და ის დადებითი თვისებები, რაც აქვს ქართულ ჩურჩხელას, ყველა შენარჩუნებული გვაქვს“.
Suti Power-ის ნუგბარი ყურძნის წვენის ნახარშს, ნიგოზს, თხილსა და ნუშს შეიცავს.
„ფრანგი დიეტოლოგის დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
საოფისე სამსახურში დასაქმებულისთვის ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ ბუნებრივი შაქარი აქვს მხოლოდ და კალორიები მალე იწვება.
ხშირად გვეუბნებიან, რომ სწორედ სამსახურში ყიდულობენ და შესვენებაზე ჯანსაღ ხემსს შეექცევიან“ – ამბობს ნინა ბარაბაძე.
ამ სასარგებლო თვისებების გამო SUTI POWER-ს აქტიურად იყენებენ როგორც ქართული სარაგბო კლუბის წევრები, ისე რაგბის რამდენიმე ფრანგული გუნდიც.
საქართველოს მაღაზიებში გამოჩენამდე SUTI POWER-ის ნუგბარი საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიასა და რუსეთში იყიდებოდა სპორტულ მაღაზიებში.
Suti Power-ი სუთიაშვილების ოჯახის კვების რაციონის განუყოფელი ნაწილია:
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ დიდი ოჯახი და ყველანი ვართ სპორტსმენები, სწორი კვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გვინდა, რომ ეს პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. შევეცდებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, დააგემოვნონ
ახლაც ვმუშაობთ ახალ რეცეპტზე და ძალიან მალე მეტად გაუმჯობესებული და საინტერესო პროდუქტი გამოჩნდება SUTI POWER-თან ერთად“ – ამბობს ნინო ბარაბაძე.