ახალი ამბები

7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის პროცესი მის გარეშე მიმდინარეობს

23 დეკემბერი, 2021 • 1043
7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის პროცესი მის გარეშე მიმდინარეობს

7 ნოემბრის საქმეზე მისხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი სასამართლოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ პროცესზე დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, მათ შორის, ორი მოწმის ხელახლა გამოკითხვას და საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას:

„ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე. ეს არის მტკიცებულებები, რომლებიც მოვიპოვეთ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ვითხოვთ ორი მოწმის, ნინო ბურჯანაძის და ზაზა გოგავას ხელახლა დაკითხვას, რათა მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მოხდეს ჩვენებების გაჟღერება სასამართლოში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები, ის ფაქტი, რომ 7 ნოემბერს ცუდი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის, უდავოა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, გადადგა თანამდებობიდან და დანიშნა ხელახალი არჩევნები. ამ საქმეზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არის სრული აბსურდი, მით უმეტეს, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც მოაწყო 20 ივნისი და შემდეგ თვითონვე მოახდინა იმ მოძალადე პოლიციელების ამნისტირება, რომლებმაც თვალები დასთხარეს ახალგაზრდებს“, — ამბობს დიტო საძაგლიშვილი „ტელეკომპანია პირველთან“.

შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს ბრალდების მხარეც. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამაის აცილებას მოითხოვს. პროკურატურამ სასამართლოზე გვარამიას მიერ გაკეთებული რეპლიკის გამო გამოძიებაც დაიწყო. უწყება აცხადებს, რომ გვარამიამ პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, თავად ნიკა გვარამიამ კი რეპლიკა განმარტა და თქვა, რომ შეურაცხმყოფელი ტერმინი არ გამოუყენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი