გაერთიანებულმა ოპოზიციამ აფხაზეთში, 21 დეკემბრის აქციის შემდეგ, ადგილობრივი პარლამენტის მიერ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას იმპიჩმენტი მოითხოვა.
ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა ასევე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა. ასევე, პრეზიდენტის ყველა ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივების დაბლოკვა იმპიჩმენტის პროცედურის დროს და ა.შ.
21 დეკემბერს დე ფაქტო ხელისუფლებით უკმაყოფილო გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციის შემდეგ პარლამენტთან მობილიზებული კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სცადა. აქციის მონაწილეების ქმედებები სამართლამცველებმა აღკვეთეს.
მიტინგამდე ერთი დღით ადრე, 20 დეკემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგსა და უკანონო და ანტისაკონსტიტუციო მოქმედებებში. ოპოზიციას კი ნებისმიერ საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს პრობლემები, გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ სახელმწიფოში მყიფე სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის საფუძველი არ არის. ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და აღკვეთილი”, – განაცხადა ბჟანიამ.