კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის გამო, ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გაუქმდა.
ამის შესახებ ლონდონის მერმა სადიქ ხანმა განაცხადა. ტრაფალგარის მოედანზე საახალწლო ღონისძიება ლონდონის ცნობილი ფოიერვერკების შოუს ნაცვლად ნოემბერში დაანონსდა.
„ბევრი ლონდონელისთვის სამწუხარო იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რომ შევამციროთ ვირუსის გავრცელება. თუმცა ჩვენ გვექნება ბრწყინვალე პირდაპირი ტრანსლაცია, რომელიც მიძეღვნება ლონდონს და 2021 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს და შეგვიძლია თვალი ვადევნოთ მას ეკრანებიდან“, — განაცხადა ხანმა.
ტრადიციული საახალწლო ფოიერვერკი გაუქმდა საფრანგეთის დედაქალაქშიც. პარიზის მერიამ განაცხადა, რომ მოუწევთ ელისეის მინდვრებზე დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიების ჩაშლა.
ახალი წლის ღამეს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმა რიო დე ჟანეირომ და ლოს ანჯელესმაც.
ახალი წლის საზეიმო ღონისძიება გააუქმა მაროკომ და 31 დეკემბრის ღამეს კომენდანტის საათი შემოიღო.
საახალწლო ღონისძიებების და შეკრებების გაუქმებისკენ მოუწოდა მოსახლეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
„ყველას გვინდა დროის გატარება მეგობრებთან და ოჯახთან და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება. სწრაფი გზა ამის მისაღწევად არის რთული გადაწყვეტილებების მიღება როგორც ცალკეული ინდივიდების, ისე ლიდერების მიერ. ზოგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას. გაუქმებული ღონისძიება სჯობს გაუქმებულ ცხოვრებას. უმჯობესია, ახლა ახლა გავაუქმოთ და მომავალში ვიზეიმოთ, ვიდრე ახლა ვიზეიმოთ და მომავალში ვიგლოვოთ“, — განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.