ახალი ამბები

USAID-ის მედიაპროგრამა M-TAG დასრულდა

20 დეკემბერი, 2021 • 1417
USAID-ის მედიაპროგრამა M-TAG დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პროგრამა, „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“ (M-TAG), დასრულდა.

პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება 20 დეკემბერს თბილისში გაიმართა.

ორგანიზაციის ცნობით, M-TAG-მა მჭიდროდ იმუშავა 15 რეგიონულ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ მედიასაშუალებასთან.

„მათ შორის იყვნენ საგამოძიებო პროფილის მედიასაშუალებები, სათემო რადიოსადგურები, მედიასაშუალებები, რომლებიც უმცირესობებს ემსახურებიან და მედიასაშუალებები, რომელთაც ჰყავთ აუდიტორია ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – წერს ორგანიზაცია შემაჯამებელ შეხვედრამდე გავრცელებულ პრესრელიზში.

USAID-ის თანახმად, მათ მიერ მხარდაჭერილი პუბლიკაციები დინამიკურ მულტიმედია- გამომცემლებად იქცნენ და ამჟამად დიდი და მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავთ.

კერძოდ, „იმ მედიასაშუალებების აუდიტორია, რომელთაც USAID უჭერდა მხარს M-TAG-ის მეშვეობით, ჯამურად 445%-ით გაიზარდა“.

M-TAG ასევე მხარს უჭერდა „მულტიმედია განათლების ცენტრს“ (MEC), რომელიც 2011 წელს დაარსდა და სადაც, ორგანიზაციის ცნობი, 1000-ზე მეტმა სტუდენტმა და 150-ზე მეტმა მასწავლებელმა ისარგებლა აღჭურვილობითა და ლაბორატორიით.

ამასთან, USAID აცხადებს, რომ ორგანიზაციამ ხელი შეუწყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, „გამხდარიყო თვითრეგულირების უნიკალური მექანიზმი, რომელიც პატივისცემით სარგებლობს მედიასექტორში“.

USAID-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სჯერათ, „თუ მედიას საშუალება მიეცემა თავისუფლად იმუშაოს, ის აუცილებლად განაგრძობს წვლილის შეტანას ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის წარმატებით განვითარებაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი