პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ამბობს, რომ 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდა იქნება არა ერთჯერადი, არამედ — მომდევნო წლების ტენდენცია.
„ეს ადამიანები არიან ჩვენი სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტული“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
2022 წლის ბიუჯეტით, საჯარო მოხელეთა საბაზო სახელფასო სარგო, რაც 2017 წლიდან 1000 ლარით იყო განსაზღვრული, მინიმუმ 1100 ლარამდე გაიზარდა. საბაზისო თანამდებობრივი სარგო არის საწყისი წერტილი, რომლითაც საჯარო სამსახურში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირის ხელფასი განისაზღვრება. უწყებებს თავიანთი განაწესის მიხედვით განსაზღვრული აქვთ კოეფიციენტები, რომლებზეც საბაზისო სარგო მრავლდება.
“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად, განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება.
ამასთან, მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, 2022 წლის ივნისამდე შეიმუშაოს საჯარო სექტორში ხელფასის ზრდის ფორმულა, რომელიც ეკონომიკის ზრდის და კერძო სექტორში ხელფასების ზრდის მაჩვენებელს გაითვალისწინებს.