ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სააკაშვილის კადრებზე სახ. ინსპექტორის გადაწყვეტილება

18 დეკემბერი, 2021 • 1535
იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სააკაშვილის კადრებზე სახ. ინსპექტორის გადაწყვეტილება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სამინისტრომ გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო უწყების დაჯარიმებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ არათუ ვგეგმავთ არამედ, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი. ეს არის უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხი“, – განუცხადა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს 18 დეკემბერს.

„ჩვენ იქ, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა“, – განაცხადა მან.

წინა დღეს, 17 დეკემბერს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გაყვანის კადრების გავრცელების მიზანი იყო „საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნება“.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს გამოაცხადა, რომ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.

ვრცლად გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი