ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი ხნის, თუ რატომ გაასაჯაროვეს სააკაშვილის კადრები

17 დეკემბერი, 2021 • 2037
იუსტიციის მინისტრი ხნის, თუ რატომ გაასაჯაროვეს სააკაშვილის კადრები

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გაყვანის კადრების გავრცელების მიზანი იყო „საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნება“.

რატი ბრეგაძეს, რომელსაც დღეს პარლამენტარები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა, ნინო წილოსანმა ჰკითხა, ეთანხმება თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას.

საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური ორი ათასი ლარით დააჯარიმა.

წილოსანის კითხვაზე პასუხად რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ კადრების გავრცელების მიზანი „საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნება იყო“, რაც „არის ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი“.

„ეს არის ის, რაც ნებისმიერ თავმოყვარე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს უნდა გაკეთებინა“, – განაცხადა მან.

მინისტრმა ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის თანაგუნდელები, მომხრეები და ჟურნალისტები თავად მოუწოდებდნენ სამინისტროს, კადრები გაევრცელებინა:

„თავიდან, როდესაც ის გადაგვყავდა, მათ შორის, მისი ადვოკატებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ მას იძულებით დაატოვებინეს რუსთავის დაწესებულების ტერიტორია. და ამიტომ გასაჯაროვდა კადრები, ცდილობდნენ, შეექმნათ ისტერიული ფონი, რაც საფრთხეს შეუქმნიდა სასჯელაღსრულების დაწესებულების გამართულ ფუნქიცონირებას, რასაც ვერ დავუშვებდით. ცდილობდნენ, დაეძაბათ სხვა პატიმრების მშობლები და გამოეწვიათ არეულობა“, – განაცხადა მან.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილის „შესახლებას მე-18 დაწესებულებაში მოჰყვა ისტერია“ და წაიკითხა მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას, ასევე ინგა გრიგოლიას განცხადებები, რომლითაც სამინისტროს მოუწოდებდნენ კადრების გასაჯაროვებისკენ.

„რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი ბრალდება, რომ სახელმწიფოს ვინმემ დააბრალოს წამება“? – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მან ისაუბრა იმ კადრებზეც, სადაც სააკაშვილის დაპირისპირება ჩანს გლდანის ციხის თანამშრომლებთან:

„პირველი კადრის დანიშნულება იყო, რომ გვეჩვენებინა, არავითარი „30 მეტრის“ დაშორებით არ გაჩერებულა რეანომობილი დაწესებულებიდან, გაჩერდა ზუსტად დაწესებულების პანდუსთან, სადაც ვერავინ დაინახავდა“.

„მან წინააღმდეგობა გაუწია პენიტენციურის თანამშრომლებს და შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ნაჩვენებია ეს კადრები, როცა აბსოლუტუარად მშვიდობიანად, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვას. მაგრამ ის ამას არ დაემორჩილა. ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომლებს, მათ აქვთ სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება, მაგრამ ესეც არ ყოფილა გამოყენებული. მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს, რათა არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით მოხდა მისი შეყვანა“.

მინისტრმა ვიდეოჩანაწერების ბოლო ეპიზოდზეც ისაუბრა, სადაც სააკაშვილი პალატაში შეყვანის შემდეგ ჩანს და თქვა, რომ ეს მონაკვეთი უჩვენეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ სააკაშვილისთვის ნემსის ძალით გაკეთება არ უცდიათ:

„რა ძალადობრივ ინვაზიაზეა საუბარი, როდესაც მან გადააგდო სამედიცინო აპარატურა. არავინ მასთან ნემსით არ მიახლოებულა. ესაა მთელი ისტორია“.

„აი, ეს იყო ამ კადრების გასაჯაროვების მიზანი. შეიძლება, ვინმეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ეს, მაგრამ როცა ვიღაც ცდილობს, მიიტანოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიში, გააჩინოს უნდობლობა, მოინდომოს სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება და საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას, ამ გარემოებათა შეჯამების საფუძველზე, სახელმწიფოს არ რჩება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აცნობოს საზოგადოებას სიმართლე“, – განაცხადა მინისტრმა.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს გამოაცხადა, რომ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.

გარდა ამისა, უწყებებს დაევალათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეოჩანაწერის წაშლა.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უწყებას დაეკისრა მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვებისა და მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების, ასევე, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებისთვისაც.

ამასთან, უწყებაში ინსპექტორის სამსახურს განუცხადეს, რომ საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, არსებობდა ძალადობრივი ხასიათის მოქმედებების დაწყების შესაძლებლობა, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ასევე, ზიანს აყენებდა პენიტენციური დაწესებულების რეპუტაციასა და იქ განთავსებული სხვა პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს.

მიუხედავად ამისა, უწყების განცხადებით, მართალია, სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით „ინდივიდუალურად უნდა შეეფასებინათ, რამდენად იყო ეს ინტერესი ლეგიტიმური და რამდენად პროპორციული და ადეკვატური იყო ასეთი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროება და გასაჯაროებისთვის გამოყენებული საშუალებები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი