ახალი ამბები

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მათთვის მიმართვისთვის 5 პირი დააკავეს

18 დეკემბერი, 2021 • 1597
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მათთვის მიმართვისთვის 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

ბრალდებულები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად დააკავეს თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში.

დანაშაულები, რასაც მათ ედავებიან, 7-დან 10-მდე წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, რომ ფინანსური უთანხმოების გამო მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ 3 წევრს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“.

ამის შემდეგ, გამოძიების თანახმადვე, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, მოდავე მხარეებთან ერთად, ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე, ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში.

„შეხვედრებზე „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან – 50 000 ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული „კანონიერი ქურდებისათვის“ გარკვეული თანხის გაგზავნა“, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს თანახმად, მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც „ქურდული სამყაროს“ წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.მ., 1975 წელს დაბადებული გ.გ. (მეტსახელად „გადაბმული“), 1978 წელს დაბადებული კ.ჟ., 1984 წელს დაბადებული შ.კ. და 1966 წელს დაბადებული გ.ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი