ახალი ამბებიეკონომიკა

შრომის ინსპექცია ღამის კლუბებს აფრთხილებს, რომ ჯერ გახსნის უფლება არ აქვთ

17 დეკემბერი, 2021 • 2832
შრომის ინსპექცია ღამის კლუბებს აფრთხილებს, რომ ჯერ გახსნის უფლება არ აქვთ

შრომის ინსპექციის სამსახური ღამის კლუბებს აფრთხილებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მათ გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. ამის შესახებ ინსპექციამ განცხადება დღეს საღამოს გაავრცელა.

დღეს რამდენიმე ღამის კლუბს, მათ შორის ბასიანს და ხიდს, ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი, რადგან კლუბების გახსნას მიმდინარე კვირაში ელოდნენ.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტორის „მწვანე“ სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე – ბიზნესის მდგრად აღდგენას. საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ”, – ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში.

ნეტგაზეთი ცდილობს აღნიშულ ღამის კლუბებთან დაკავშირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი