ახალი ამბები

ტიკარაძის თქმით, ომიკრონის დაფიქსირების შემთხვევაში, ჯანდაცვის შესაბამისი რგოლები მზადყოფნაშია

17 დეკემბერი, 2021 • 1084
ტიკარაძის თქმით, ომიკრონის დაფიქსირების შემთხვევაში, ჯანდაცვის შესაბამისი რგოლები მზადყოფნაშია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ დრომდე კორონავირუსის ახალი ომიკრონი შტამი დაფიქსირებული არაა, თუმცა ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიის პასუხს, სადაც საეჭვო შემთხვევებს სწავლობენ.

ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ომიკრონის  დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველო მიმართავს იმ ღონისძიებებს, რომელთაც იმ ქვეყნებმა მიმართეს, სადაც ამ შტამის შემთხვევები დადასტურდა.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კლინიკური სექტორი მომზადებულია ამ გამოწვევისთვის და ყველა შესაბამისი რგოლი მზადაა ომიკრონის შემთხვევების სამართავად მისი დადასტურების შემთხვევაში:

„ჩვენ ჯერ ველოდებით ლუგარის პასუხს, მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ, მტკიცებულებაზე დაყრდნობით არის თუ არა ომიკრონი ქვეყანაში. გამომდინარე აქედან მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რომლის პრაქტიკაც უკვე აქვს იმ ქვეყნებს, სადაც ომიკრონი დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, ისინი არიან, რა თქმა უნდა, მომზადებულები. გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა არის თითქმის ავტომატურ რეჟიმზე.

ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მუშაობს ეფექტურად. ამაში ვგულისხმობ ტესტირების პროცესის შედეგებს, ტესტირების შემდეგ იდენტიფიცირებული პაციენტების მართვას. სასწრაფოს სისტემაც ასევე აწყობილია. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, ისინი არიან მომზადებული როგორც მკურნალობის კუთხით, ასევე გაიდლაინებით, რომელიც გაუკავდება ამ გამოწვევას“ ,- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი