გუდაურში 2020 წლის ნოემბერში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. სასამართლო სხდომა დღეს, 17 დეკემბერს, გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
მერაბ კობიაშვილის მეუღლემ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ 12-ვე ნაფიცმა მსაჯულმა უდანაშაულობის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. მისივე თქმით, სხდომით საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. მანამდეც დაცვის აცხადებდა, რომ კობიაშვილი თავს იცავდა და ჩხუბში სხვებს აშველებდა.
რაც შეეხება მოკლულის ოჯახს, გარდაცვლილის დედა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კობიაშვილი „იყო ნამდვილად განზრახ მკვლელი, მაგრამ მას იმდენი ხალხი იცავდა, რომ ჩვენ მასთან შედარებით ნულები ვართ“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 თებერვალს მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე იმავე დღეს დააკავა ერთი პირი. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობით დაიწყო.
2020 წლის ნოემბერში კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ბრალდებულს, მერაბ კობიაშვილს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის 9- თვიანი ვადა 15 ნოემბერს ეწურებოდა. ვინაიდან მისთვის ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, სასამართლომ ის გაათავისუფლა, თუმცა საქმეზე არსებითი განხილვა კვლავაც გრძელდებოდა.
მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი 6 პირს წარუდგინა და ეს საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. მკვლელობას სწორედ აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. კობიაშვილი ამბობდა, რომ ამ დროს თავს იცავდა თავდასხმისგან.
მთავარი ფოტო: „მთავარი არხი“.




