ახალი ამბები

ჰესების წინააღმდეგ პროპაგანდა ჰიბრიდული ომის ნაწილიც არის — თურნავა

16 დეკემბერი, 2021 •
ჰესების წინააღმდეგ პროპაგანდა ჰიბრიდული ომის ნაწილიც არის — თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პროპაგანდა ჰიბრიდული ომის ნაწილია და ეს უნდა იქცეს საერთო ეროვნული თანხმობის საკითხად. ამის შესახებ მან დღეს, 16 დეკემბერს, მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას მზარდი იმპორტდამოკიდებულება ისეთ სტრატეგიულ დარგში, როგორიც ენერგეტიკაა.

„ისტორიულად, 1990-იანი წლებიდან დაწყებული, ძალიან გააქტიურდა ჰესების წინააღმდეგ პროპაგანდა, რაც თავის მხრივ ჰიბრიდული ომის ნაწილიც არის, ესეც უნდა ვაღიაროთ. შესაბამისად, ამ თემაზე აუცილებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა და ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ჰესების მშენებლობას სახელმწიფოს სტრატეგიულ მიმართულებად და საკითხად აქცევს.

აღნიშნულის მიზნით, პირველ რიგში, საჭიროა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების შეთანხმება ერთიან მიდგომასა და სტრატეგიაზე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს პარლამენტარების. მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, არსებობს საკითხები, რაც საერთო ეროვნული კონსენსუსი უნდა იყოს. ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის საწინდარი და ქვაკუთხედი“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, თურნავამ ნამახვანჰესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნამახვანჰესის პროექტის შეჩერება „ჩავარდნა“ იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი