ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში აცხადებენ, რომ ჩხიკვაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება არ მომხდარა

16 დეკემბერი, 2021 • 2107
ცხინვალში აცხადებენ, რომ ჩხიკვაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება არ მომხდარა

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული და ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ არის აღძრული – ამის შესახებ ეგორ კოჩიევმა, IPRM [ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი -ის სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ekhokavkaza-ს განუცხადა.

როგორც კოჩიევი აცხადებს, სიცრუეა ქართულ მხარეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩხიკვაძე ცხინვალში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

“არანაირი ფიზიკური ზემოქმედება მასზე არ ყოფილა”.

მისივე თქმით, ოსურმა მხარემ დაადგინა, რომ ჩხიკვაძემ სრულიად გააზრებულად გადაკვეთა “საზღვარი” და არაადეკვატურად იქცეოდა, ყვიროდა ნაციონალისტურ ლოზუნგებს და მესაზღვრეებს ოკუპანტებს ეძახდა.

“ის, რომ ყოფილი სამხედროა, ამის შესახებ ამ ადამიანმა თავად თქვა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი მას პირადად რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მას დევნის საფრთხე ამ ნიშნით არ ემუქრება. შესაბამისი ორგანოები მისი სამხრეთ ოსეთში ვიზიტის მიზანს იკვლევენ და იმის მიხედვით, თუ რა პასუხებს გასცემს, იქნება მიღებული შესაბამისი  გადაწყვეტილება ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებაზე, ან გაძევებაზე”.

მამუკა ჩხიკვაძე რუსმა სამხედროებმა სოფელ ზემო ნიქოზთან 11 დეკემბერს დააკავეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში სცემეს. ამის შესახებ ქაცარავამ “ნეტგაზეთთან” განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია ცხინვალიდან “სანდო წყარომ” მიაწოდა.

„ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში სცემეს“ — ქაცარავა ხელისუფლებისგან ინფორმაციას ითხოვს და აქციებს აანონსებს

სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ყველა ბერკეტი, გააქტიურებულია “ცხელი ხაზი”, ადგილზე ჩასული არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და “ჩართულია ყველა პარტნიორი, ვისი ჩართვაც შეიძლება ამ მიმართულებით”.

“ცხელი ხაზის” გააქტიურებას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია:

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია და კვლავ აქტიურად გამოიყენება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი”, – აცხადებს სადამკვირვებლო მისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი