ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კორუფციული სქემა ახალგორის საავადმყოფოში | რას იკვლევენ ცხინვალში

16 დეკემბერი, 2021 • 1681
კორუფციული სქემა ახალგორის საავადმყოფოში | რას იკვლევენ ცხინვალში

ავტორი: მურატ გუკემუხოვი


ახალგორის საავადმყოფოს ადმინისტრაცია რამდენიმე წელია იმ საბიუჯეტო თანხებს ითვისებდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სამკურნალოდ და მომსახურებისთვის იყო გათვალისწინებული. 

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის, სოსლან ნანიევის ხელმძღვანელობით ახალგორის საავადმყოფოში კონტროლის სამსახური შევიდა, რაც იშვიათი შემთხვევაა, რადგანაც საავადმყოფოს ადმინისტრაცია ყოველთვის სარგებლობდა ცხინვალში მაღალჩინოსანთა მფარველობით.

მინისტრი ნანიევი აქამდეც შეეცადა ახალგორის საავდმყოფოში წესრიგის დამყარებას, თუმცა მაშინ, როგორც ჩანს, ხელი შეუშალეს.

ახალი ფისკალური შემოწმებისთვის კი სამი ფაქტორის დამთხვევა იყო საჭირო.

ფაქტორი პირველი: სამოქალაქო აქტვისტის, თამარ მეარაყიშვილის კერძო გამოძიება, რომელმაც გამოავლინა და საჯაროდ გაახმიანა რაიონში კოლოსალური ფინანსური არამიზნობრივი დანახარჯებისა და ჯანდაცვის სფეროში დანაშაულების შესახებ. 

ფაქტორი მეორე: მოსკოველი კურატორების გაღიზიანება სამხრეთ ოსეთში რუსული ფინანსური დახმარების არამიზნობრივ ხარჯვაზე და აშკარა დანაშაულებზე.

მესამე ფაქტორი: რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალგაზრდა ამბიციურ მინისტრს სურს ორივე ფაქტორი გამოიყენოს საკადრო ცვლილებებისთვის და კარიერული წინსვლისთვის. 

ჯანდაცვის მინისტრი, ფინანსების დარგში მისი მოადგილის და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის თანხლებით თამარ მეარაყიშვილის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების მეორე დღესვე გაჩნდა საავადმყოფოში, სადაც მოწმეების თვალწინ სეიფის გახსნის შემდეგ საავადმყოფოს დოკუმენტაცია ამოიღეს, რომელიც შესასწავლად წაიღეს.

ახალგორის საავადმყოფო;

მეარაყიშვილის კერძო გამოძიების შედეგებით ირკვევა, რომ სამხრეთ ოსეთში მუშაობდა კარგად დალაგებული ე.წ. ვირტუალური ჯანდაცვის კორუფციული სქემა, რომელიც ჯერ კიდევ ლეონიდ თიბილოვის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და მიმდინარე წლის დეკემბრამდე უხარვეზოდ მუშაობდა. 

ეს სქემა “ვირტუალურია” იმიტომ, რომ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და მოიცავს არარსებული თეთრმეტი სოფლის სამედიცინო პუნქტს, მცირე ზომის სტაციონარს ცხრა პალატით, სამშობიარო განყოფილებას, პოლიკლინიკას და სასწრაფო დახმარების სადგურს.

დოკუმენტების მიხედვით, ყველა შტატი შევსებულია – მეტი ნდობისთვის, ძირითადად, ყოფილი თანამშრომლებით [ყალბი დიპლომებისა და დოკუმენტების დამზადება აღარაა საჭირო]. შესაბამისად, ვირტუალურ სქემაში ჩართული ყველა ადამიანი რეალურია, ყველა მათგანი საპენსიო ფონდში, საგადასახადო სისტემაში ირიცხება და ა.შ. ერთადერთი ნიუანსი ისაა – მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან მათ ნაცვლად ხელფასს სხვა ადამიანები იღებენ. 

დოკუმენტაციაში არსებობს ამ ადამიანების სამსახურში მიღების, შრომითი შვებულებების, ბენზინის ტალონების გაცემის ბრძანებები, სამსახურის მიზნით გამოყენებული მობილური კავშირისა და ინტერნეტის გადახდის ქვითრები. 

ამ სისტემას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს – ის არ ითვალისწინებს რეალურ სამედიცინო მომსახურებას. 

მაგალითად, დოკუმენტაციის მიხედვით, მომუშავე თხუთმეტი ექიმისა და მედდის ნაცვლად, რეალურად მხოლოდ ოთხი მუშაობს, რომელთა შორის რეალური სამედიცინო პერსონალი მხოლოდ ორია. დანარჩენი –  სამსახურში ნეპოტიზმით აყვანილი პერსონალია, რომელთაც აქამდე არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ჯანდაცვასთან. 

რეალურ სამედიცინო პერსონალს შეადგენენ ახალგაზრდა ექიმები ცხინვალიდან. ისინი სქემაში არ მონაწილეობენ.

ახალგორის საავადმყოფოს გადარჩენილი პაციენტები ჰყვებიან, რომ ე.წ. ექიმი  google-ის საძიებო გრაფაში ეძებდა სიმპტომების მიხედვით მის დაავადებას.

ინსულტის მქონე ქალს კი, სამი დღე-ღამის განმავლობაში, “ტკივილი რომ აღარ ეგრძნო” დიმედროლს ასმევდნენ. იგრძნეს რა საფრთხე მარტოხლა პაციენტის მეზობლებმა, მასთან ნამდვილი ექიმი მიიყვანეს, რომელმაც მოითხოვა პაციენტის დაუყოვნებლივ თბილისში გადაყვანა და ჰოსპიტალიზაცია. თუმცა დაგვიანების გამო ქალი იმავე დღეს თბილისის კლინიკაში გარდაიცვალა. 

“პროექტის” მთავარი არქიტექტორი და სისტემური ადმინისტრატორი ანგელინა ბარათოვაა, რომელიც რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში კადრების ინსპექტორისა და, ამავდროულად, მთავარი ექიმის მდივნის პოზიციას იკავებდა. დოკუმენტების შესაბამისადვე, ის გაფორმებული იყო ასევე ორი მედდის პოზიციაზე სხვადასხვა სოფლის სამედიცინო პუნქტებში.

ამ სისტემის სიცოცხლისუნარიანობას მაღალი ეშელონებიდან ადამიანები უზრუნველყოფენ.

ფულის ნაწილი, რომელსაც პერსონალი ხელზე იღებს, ცხინვალში იგზავნება. ადრესატებს შორის არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც. 

კორუფციული სქემა ჩამოშლის საფრთხის წინაშე უკვე იდგა 2017 წელს. მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი და ამჟამინდელი პრეზიდენტი ანტოლი ბიბილოვი ავლენდა და ახმიანდებდა ხოლმე კორუფციის ფაქტებს სხვადასხვა სფეროში. მათ შორის იყო ახალგორის საავადმყოფო. პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ მან საავადმყოფოს შემოწმების ინიციატივა გამოთქვა და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა დარღვევებზე. თუმცა დაწყებული გამოძიება მალევე დავიწყებას მიეცა. ყველაფერი დასრულდა მთავარი ექიმის დათხოვნით, ანგელინა ბარათოვა კი პრეზიდენტმა ბიბილოვმა ორდენით “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის დამსახურებული მუშაკი” დააჯილდოვა “ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის”. ამის შემდეგ სააავადმყოფო აღარავის შეუწუხებია – 2021 წლის დეკემბრამდე.

ეს არ არის უბრალოდ კორუფციული სქემა, ეს არის კორუფციული სქემა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. 

კოვიდით დაავადებულებზე კი, მაგალითად, ასე შოულობდნენ ფულს. “სასწრაფო დახმარების” გამოძახებისას კოვიდ ინფექციაზე ეჭვი დროს ე.წ. სტიმულაციური ჰონორარი იწერებოდა პერსონალზე. იმის გამო, რომ ავადმყოფების ფალსიფიცირება შეუძლებელია, რადგან ყოველი შემთხვევა pcr ტესტით უნდა იყოს დადასტურებული, იყენებდნენ რეალურ ავადმყოფებს. მათზე რამდენჯერმე აფორმებდნენ გამოძახებებს, ავადმყოფების ჰოსტპიტალიზაცია კი საჭიროების შემთხვევაშიც არ ხდებოდა.

ერთ-ერთი ასეთი პაციენტი სამოცდაათი წლის ნანული გიგაური იყო, რომელიც თბილისში ჰოსპიტალიზაციას ითხოვდა. მისი შვილები წეროვანში, თავად კი ახალგლრში მარტო ცხოვრობდა. გადაყვანის შესახებ ყველა მოთხოვნაზე უარი მიიღო.

საავადმყოფო დღე-ღამეში 5 -ჯერ აფორმდებდა მის გამოძახებას და, შესაბამისად, გასცემდა “მასტიმულირებელ” ჰონორარსაც – ექიმებს თვეში 50 ათასი რუბლი, მედდებსა და მძღოლებს- 25 [ერთი განაკვეთის შემთხვევაში] 

ახალგორის ცენტრალურ საავადმყოფოშო “სასწრაფო დახმარების” ორი ბრიგადა არსებობს. ორივე გაფორმებულია ორ განაკვეთზე.

ამოღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გამოძახებების ჟურნალის მიხედვით 2021 წელს 80 ათასამდე გამოძახება იყო, ანუ დღეღამეში -230, რაც არარეალური ციფრია ახალგორისთვის.  

ერთ-ერთმა რეალურმა ექიმმა, რომელიც ნანული გიგაურის გასასიჯნად ცხინვალიდან ჩამოვიდა, თქვა, რომ მისი გადარჩენის შანსები არ არსებობს, რადგან 68%-იანი სატურაციით ქალი რამდენიმე დღე ამბულატორიულ მკურნალობაზე ჰყავდათ. ექიმმა ქალის დაუყოვნებლივ თბილისში გადაყვანა მოითხოვა, რომ ახლობლების გარემოცვაში მაინც გარდაცვლილიყო.

ექიმებს შორის, ვინც კოვიდ-ჰოსპიტალის რაიონულ შტატში ირიცხება, რეალურად მხოლოდ ორი ახალგაზრდა ცხინვალელი ექიმია, რომლებიც შესვენების გარეშე, პრქტიკულად მუდმივად “წითელ ზონაში” მუშაობენ. მათ წარმოდგენაც არ აქვთ იმის შესახებ, რომ მათ გვერდით “მუშაობენ” არარსებული კოლეგები, რომლებიც ხელფასებს იღებენ.  

როდესაც გიგაური გარდაიცვალა, მის შესახებ ინფორმაცია ასევე თამარ მეარაყიშვილმა გაავრცელა და პირადად გაუგზავნა ინფორმაცია პრეზიდენტსა და გენერალურ პროკურორს, თუმცა საპასუხო რეაქცია არავის ჰქონია. 

ახალგორის რაიონში მოსახლეობის დიდი ნაწილი ასაკოვანი ადამიანია. მათ შორის ბევრი მარტოხელაა, რომელთაც ოჯახის წევრები წეროვანში ან თბილისში ჰყავთ. თავად კი ვერ ტოვებენ საკუთარ სახლებსა და ახლობლების საფლავებს. გამშვები პუნქტის დახურვამდე მათ მოსანახულებლად მუდმივად ჩამოდიოდნენ ახლობლები, ახლა კი მათი ჯანმრთელობის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მდგომარეობაც მხოლოდ ადგილობრივ ექიმებზეა დამოკიდებული. 

მინისტრი ნანიევი პირობას დებს, რომ საავადმყოფოში წესრიგს დაამყარებს. პერსონალის ნაწილი უკვე დათხოვნილია, ნაწილი ერთ განაკვეთზეა გადაყვანილი. დაინიშნა ახალი მთავარი ექიმი – მონიკა ჯიოევა, რომელიც ცხინვალში პატიოსანი და პროფესიონალი ექიმის რეპუტაციით სარგებლობს.

ანგელინა ბარათოვა შემოწმებამდე არც ისე დიდ ხნით ადრე საქართველოში გაემგზავრა. ის არ გაქცეულა, უბრალოდ ასე დამეთხვა, რომ შემოწმებამდე ერთი თვით ადრე კოვიდით დაავადდა და სამკურნალოდ თბილისში წავიდა. როგორც ჩანს, არც დაბრუნებას ჩქარობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი